ჯუანშერ ბურჭულაძე: საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, სავალდებულო სამსახურის პერიოდში შეუნარჩუნდება როგორც პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება
ვფიქრობ, გადავადების კომპონენტში ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში ადამიანს უნდა ერთი წლით გადავადება და უღირს, გადავადების სანაცვლოდ 10 000 ლარი გადაიხადოს, აქ კიდევ ერთი სამართლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უკვე ავტომატურად იქნება ვალდებული, შემდეგ წელს მოვიდეს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
„საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილებები და საჯარო სამსახურში შეუნარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება, ჩვენ მათაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ შვებულებით სარგებლობის დროს გაიარონ სამსახური – წელიწადში ერთი თვე. ეს არის მხოლოდ კომფორტზე გათვლილი და არანაირად დისკომფორტული არ იქნება სტუდენტებისთვის თუ სხვა პირებისთვის. ვფიქრობ, გადავადების კომპონენტში ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ. დღეს თუ არის ამის საშუალება და პრინციპში, შინაარსობრივად რასაც აკეთებს კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც ათავისუფლებს ე.წ. რელიგიური მოტივით, აქაც თანხის სანაცვლოდ ხდება ეს და ესეც სიმახინჯეა. თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში ადამიანს უნდა ერთი წლით გადავადება და უღირს, გადავადების სანაცვლოდ 10 000 ლარი გადაიხადოს, აქ კიდევ ერთი სამართლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უკვე ავტომატურად იქნება ვალდებული, შემდეგ წელს მოვიდეს. ის არ მოხვდება შემთხვევით შერჩევით სიაში და დამდგარი ვალდებულება მას გადაეწევა ერთი წლით“, – განაცხადა ბურჭულაძემ.