ჯუანშერ ბურჭულაძე – სამინისტროს შესყიდვების მიზნობრიობაზე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო პირისთვის არ მიჩუქებია

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო პირისთვის არ მიჩუქებია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სამინისტროს მიერ შესყიდული მობილურ ტელეფონების საკითხს.

მინისტრმა პირდაპირ ეთერში ალკოჰოლური სასმელების მიზნობრიობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ე.წ. შავი პიარის მეორე სერიაა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო პირისთვის არ მიჩუქებია. მე თვითონ მაქვს ძველი მოდელის აიფონი და მეტიც, არც კი ვსარგებლობ კორპორატიული მომსახურებით ჩემს მობილურის ნომერზე. მე თვითონ ვიხდი ჩემი მობილურის გადასახადს, ასევე, საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის დროს მე თვითონ ვიხდი როუმინგის გადასახადს. ეს აიფონები შევიძინეთ ბორჯომის ხანძარში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ოფიცრებისთვის, ყველა სამხედრო მოსამსახურემ, ვინც იქ მიიღო მონაწილეობა, ყველაზე გავეცით პრემია. ვინმემ არ წარმოიდგინოს რომ სუბიექტურად შევარჩიეთ ვიღაცები. ასევე, მე დავაჯილდოვე ჩვენი რამდენიმე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე.

ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯი, სხვა ხარჯი ვერ იქნება, ანალოგიურია ის სასმელები, რაზეც მეორე სერია იყო ამ შავი პიარის. ესეც იყო გადაცემული ახალ წელს, ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებისთვის.

როგორ წარმოგიდგენიათ თითო კალათი, რომელიც უნდა გადაეცეს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს, ამაზე ტენდერის გამოცხადება. ახალ წელს ეს მიღებული პრაქტიკაა, ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, მთელ მსოფლიოში ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები