ლაშა შერგელაშვილი: ყველა უცხოელი ერთად რომ აიღოთ, იმაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინაში
“წარმოუდგენელ პატივს სცემენ უკრაინელები ქართველებს. ივლისში ხელი მიმიწვდა უკრაინაში მებრძოლი უცხოელი მეომრების სტატისტიკაზე. ყველა უცხოელი ერთად რომ აგეღოთ, იმაზე მეტი იყო ქართველი”, – ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკი, ლაშა შერგელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, სამხედრო ექსპერტების ნათქვამი, რომ რუსული თავდასხმა გაძლიერდა, მაგრამ არანაკლები წინააღმდეგობა ხვდება უკრაინისგან – სიმართლეა.
“2005 წლიდან ვმსახურობდი სპეცდანიშნულების რაზმში, 20-წლიანი მუშაობის შემდგომ პენსიაზე გავედი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ამბავი ტელევიზიით გავიგე. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველას მოუწოდა, ვისაც რით შეგიძლიათ დაგვეხმარეთო, ვიფიქრე, მეც რაღაც უნდა გამეკეთებინა. მერე ჩემმა მეგობარმა დამირეკა უკრაინიდან – ბევრი მეგობარი მყავს უკრაინელ სამხედროებს შორის. ერთმა მათგანმა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია, პირადად მთხოვა ჩემი გამოცდილება მათ დასახმარებლად გამომეყენებინა. 27 თებერვალს გადაწყვეტილება მივიღე და უკრაინაში გავემგზავრე. სამი დღე ვიყავი გზაში. პოლონეთიდან ლონდონელი ჩეჩენი დამემგზავრა. კადიროვის ხელისუფლებისგან ყოფილა დევნილი, სტუდენტობა თბილისში გაუტარებია. ორი დღე ვიყავით ერთად და დავმეგობრდით. იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები ვიყავით. კიევში დავიშალეთ, ის ჩეჩნურ ბატალიონში გადავიდა, მე “ქართული ლეგიონის” ბიჭებთან მივედი, რომ მომეფიქრებინა, სად, რა და როგორ შეიძლებოდა გამეკეთებინა. საბოლოოდ უკრაინის მთავარი დაზვერვის სამსახურში მოვხვდი. იქ სხვა ქართველებიც დამხვდნენ, ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოსულან უკრაინაში. 27 თებერვალს ჩავედი კიევში, ქალაქი საშინელ დღეში დამხვდა. უკაცრიელ ქუჩებში მხოლოდ კანტიკუნტად დადიოდნენ ადამიანები, შეშინებული და დაზაფრული სახეებით, თითო-ოროლა მაღაზიას ან აფთიაქს თუ ნახავდით ღიას. საომარ მოქმედებებში ჩართვიდან სამ თვეში ისევ მომიწია დედაქალაქში დაბრუნებამ და შეიძლება ითქვას, მოსულიერებული კიევი დამხვდა. ყველაფერი მუშაობდა. ხალხს შიშის მაგივრად რისხვა და ბრაზი ეწერა სახეზე. ერთი ამბავი მინდა გიამბოთ: კიევში მეორე ჯერზე რომ ჩამოვედი, ღამის გასათევად მეგობარს ვესტუმრე. მას ონკანი გაუფუჭდა და სანტექნიკოსი გამოიძახა. სწორედ მაშინ განმეორდა სარაკეტო თავდასხმა. დაახლოებით ორ საათში მოვიდა. ვკითხე, რამ მოგიყვანა ასეთი თავდასხმის დროს-მეთქი. რას ჰქვია, რამ მომიყვანა, ჩემი მოვალეობა შევასრულეო. მითხრა, რომ კიევში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ზაპოროჟიეს ერთ სოფელში ცხელ წერტილთან მუშაობდა. რუსებსაც ეგ უნდათ, ყველამ რომ ჩვენი საქმე მივატოვოთო. მაშინ გავიფიქრე, რომ ამ ხალხს მაროდიორი რუსები ვერ დაამარცხებენ.
აგვისტოს ომმა რუსებისადმი ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. რუსებმა და ოსებმა 2 აგვისტოს ერედვის მიმართულებით ისროლეს. მეც იქ ვიყავი. მაშინ გადავრჩით, მაგრამ 4 აგვისტოს ისევ გვესროლეს და ბიჭები მანქანაში ჩაგვიხოცეს. 7 აგვისტოს საღამოს წავედით ცხინვალისკენ და 8 აგვისტოს დილით შევედით ქალაქში. დღის სამ საათზე სამშვიდობო საათი გამოაცხადეს დევნილებისთვის. საღამოს კიდევ იყო შეტაკება. 9 აგვისტოს დილით სხვა დავალება მივიღეთ, რა დროსაც მოიერიშე თვითმფრინავებმა აღმოგვაჩინეს. მე მაშინ დავიჭერი და საბრძოლო მოქმედებებს გამოვეთიშე. საავადმყოფოდან ვცდილობდი ამბების გაგებას. მას შემდეგ ყოველივე რუსულის მიმართ პროტესტი გამიჩნდა, ყოველი რუსი ჩემთვის პოტენციური მტერი გახდა. ვბრაზობ, როდესაც მათზე ამბობენ, ერთმორწმუნეები არიანო. უღირსი და ყველაფრის მკადრებელი, უბინძურესი სულის ხალხია. როდესაც უკრაინაში ვხედავ მათ ნამოქმედარს, გული მეკუმშება. თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რას არის ქართველი მოსახლეობა გადარჩენილი. რუსებს მეომრობის არაფერი სცხიათ, ტერორისტები, ქურდები და მოძალადეები არიან, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან აქვთ დიდი გული. ჯერ იქადნებოდნენ, სამ დღეში თუ არა, ერთ კვირაში აიღებდნენ კიევს, მერე ეს რომ ვერ მოახერხეს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყეს, საცხოვრებელი კორპუსები, სამშობიარო სახლები და საბავშვო ბაღებიც კი არ დაინდეს… მე ვნახე თავად რუსების გადაღებული ვიდეო და შოკში ჩავვარდი. არის ასეთი ხელსაწყო, ავტომატის ზუმბა, რომლის საშუალებითაც იარაღის ლულა ჭუჭყისგან იწმინდება. ჰოდა, აი, ეს ზუმბა არაკაცმა რუსმა ჯარისკაცმა 9 წლის ბიჭს თვალში გაუყარა მას შემდეგ, რაც გააუპატიურა, თან ეს ყველაფერი ტელეფონით გადაიღო. ბოლო დროს მსგავსი ფაქტები ნაკლებად ხმაურდება. რუსებს ახლა ლუგანსკისა და დონბასის ტერიტორია, ასევე ზაპოროჟიეს ნაწილი აქვთ დაკავებული. ამ ფრონტებზე ბრძოლაა და როდესაც ის ადგილები გათავისუფლდება, მერე კიდევ ბევრი სისასტიკის ამბავი გახდება ცნობილი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, მოხუცებზე რომ ძალადობენ, მამაკაცებზე აქვთ განსაკუთრებული გართულება. არ ვიცი, ეს რა ჯიშის ხალხია. ამათ როგორ შეიძლება ერთმორწმუნეები ვუწოდოთ? ერთმორწმუნე, მამაცი, ღირსეული მეომრები უკრაინელები არიან. რუსებმა ყველანაირი ბინძური მეთოდებით სცადეს უკრაინელების გატეხა, მაგრამ ვერ მოახერხეს, საპირისპირო მიიღეს. ის უკრაინელებიც კი, რომლებიც ომის დაწყებამდე ლოიალურად იყვნენ განწყობილი, რუსებს დანასისხლად გადაემტერნენ. ბევრი უკრაინელი ვიცი, რომლებმაც რუსეთში გათხოვილი დედმამიშვილები დაკარგეს. გაამწარეს ეს ხალხი! არ მეგონა, ასე, ერთ მუშტად შეკვრას თუ შეძლებდნენ. ხშირად ვფიქრობ, ჩვენ რა დაგვემართა, რამ დაგვათითოკაცა ასე? ღმერთმა ნუ დააყენოს ისეთი კრიტიკული მომენტი საქართველოში, როგორიც ახლა უკრაინაშია. ეს რომ არ მოხდეს, აქ იმისთვის ვარ მეც და კიდევ ბევრი ქართველი მეომარი. რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში, რომ ჩვენს ოჯახებს არ შეეხოს მათი ბინძური ხელი. ჩვენ მზად ვართ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლოთ. საკუთარ სიცოცხლეს უყოყმანოდ გავწირავთ, ოღონდ ზურგიდან გულს ნუ გვატკენენ უსამართლო ბრალდებებით, ცილისწამებით. აიჩემეს ეს ხელფასები. რა ხელფასი? ჩვენც ზუსტად იმდენს ვიღებთ, რამდენიც უკრაინელ სამხედროს ერიცხება. ჩემი ხელფასის 80% სამხედრო აღჭურვილობასა და სპეცსაშუალებების შეძენას სჭირდება. მე აქ ხელფასის გამო არ წამოვსულვარ. ოთხი თვის განმავლობაში მეც და ბევრი სხვაც საერთოდ უარს ვამბობდით ხელფასის აღებაზე, შემდეგ გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა აგვეღო, თუნდაც იმისთვის, რომ ბრძოლაში საჭირო ნივთები შეგვეძინა და სიგარეტის ფული გვქონოდა. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ომში უნდა ჩართულიყო. ვიცი, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა არა გვაქვს. ჩემს უკრაინელ მეგობრებთანაც არაერთხელ მქონია ამ თემაზე საუბარი.
საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში ისე ვიცავ, როგორც საკუთარ ოჯახს. უკრაინელებს ვეუბნები, რომ ჩვენ არც თქვენსავით დიდი ტერიტორიები გვაქვს და არც თქვენსავით ბევრნი ვართ, ისედაც ბევრი სიცოცხლე შევალიეთ რუსებთან ბრძოლას, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მოყოლებული-მეთქი.
წარმოუდგენელ პატივს სცემენ უკრაინელები ქართველებს. ივლისში ხელი მიმიწვდა უკრაინაში მებრძოლი უცხოელი მეომრების სტატისტიკაზე. ყველა უცხოელი ერთად რომ აგეღოთ, იმაზე მეტი იყო ქართველი. როგორ გგონიათ რატომ? ზოგს აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, აგვისტოს ომიდან გამოყოლილი ჯავრი აქვს, ზოგსაც საკუთარ ქვეყანაში არ უნდა იმის ხილვა, რასაც უკრაინაში ხედავს.
ვადასტურებ, სამხედრო ექსპერტების ნათქვამს, რომ რუსული თავდასხმა გაძლიერდა, მაგრამ არანაკლები წინააღმდეგობა ხვდება უკრაინისგან. რუსულმა არმიამ მთლიანად შეცვალა და დახვეწა მოქმედების სტილი. ამდენი მსხვერპლის გაღების მერე ისწავლეს ბრძოლის ტაქტიკა. თუმცა როგორც კი დასავლური ტანკები შემოვლენ უკრაინაში, იმ წუთიდანვე დაიწყება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, – განაცხადა ლაშა შერგელაშვილმა.