თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: 6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, პრემიერმინისტრის ვიზიტიც სწორედ ამ თანადგომის გამოხატვა იყო
6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. პრემიერმინისტრის ვიზიტიც სწორედ ამ თანადგომის გამოხატვა იყო. იგი პირადად ესტუმრა თურქეთს და პირადად გამოგვიცხადა სამძიმარი. ეს არის ის ამაღელვებელი ჟესტი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად მოტივაციის მომცემი იყო და ჩვენ თქვენმა თანადგომამ ნამდვილად გაგვაძლიერა, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული სამაშველო ჯგუფი პირველივე დღეებიდან არის ჩართული სამაშველო სამუშაოებში. თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობა გადაუხადა.
„პირველივე დღეებიდანვე ქართული სამაშველო ჯგუფი ჩართულია სამაშველო სამუშაოებში და მსურს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლიერება გამოვხატო როგორც პირადად პრემიერმინისტრისა და მისი თანმხლები დელეგაციისადმი, ასევე, სამაშველო ჯგუფისადმი, ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მთავრობისადმი ამ რთულ დღეებში თანადგომის გამოხატვისათვის. ეს იყო ნამდვილად ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი მეგობარი გასაჭირში იცნობა და საქართველო მუდმივად გამოხატავდა თანადგომას,”- აღნიშნა სულეიმან სოილუმ.