ყანდაღარის საავიაცო ბაზაზე ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა
ყანდაღარის საავიაცო ბაზაზე ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა სადაც სამთო სადაზვერვო ბატალიონის ორმა ქართულმა გუნდმა მეორე და მესამე ადგილები აიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე სამხედროებს შორის გამართულ ჩემპიონატში 26 გუნდი მონაწილეობდა. ორმა ქართულმა გუნდმა საფინალო ეტაპამდე გასვლა შეძლო.
ფინალში ქართულ გუნდს ბულგარელთა ნაკრები დაუპირისპირდა. დაძაბულ თამაშში დამატებითი დრო დაინიშნა. საბოლოოდ ბულგარელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 1:0.
მესამე ადგილისთვის თამაში ქართულ და ალბანურ გუნდებს შორის შედგა. გამარჯვება ქართველმა სამხედროებმა მოიპოვეს, ანგარიშით 4:0.
საფეხბურთო ჩემპიონატი ISAF-ის მონაწილე სამხედროებს შორის ყოველთვიურად ტარდება. გამარჯვებული გუნდისთვის თასი და ფასიანი საჩუქრებია დაწესებული. ივლისის ჩემპიონატი ქართველ სამხედროთა გუნდმა მოიგო.