დალაქი დღისით და „დრონებზე მონადირე“ ღამით – 41 წლის უკრაინელის ისტორია
41 წლის ალექსანდრ შამშური, დალაქი დღისით და „დრონებზე მონადირე“ ღამით, იმ მოხალისეთა რიცხვში შედის, რომლებიც უკრაინის ცას იცავენ რუსეთის თავდასხმებისგან.
24 თებერვლის მოახლოებასთან დაკავშირებით, უკრაინა სულ უფრო იწაფება რუსული რაკეტების ჩამოგდებაში და შამშურსაც თავისი როლი გააჩნია ამ საქმეში.
„მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. რატომ? იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას და უკრაინელ ხალხს ვიცავ“, – ამბობს შამშური და თან ჰორიზონტს ათვალიერებს.
გვერდით ჯარისკაცია, რომელიც საბჭოთა ტყვიამტყორცნ „მაქსიმს“ არეგულირებს.
„ამავდროულად, შემიძლია მივიდე სილამაზის სალონში და ვიმუშაო ხალხთან, შევასრულო საქმე, რომელიც ვიცი; შევკრიჭო და ვისაუბრო ხალხთან“, – ამბობს შამშური.
როგორც დალაქი ჰყვება, მას, როგორც სამოქალაქო პირს, თავში აზრად არასდროს მოსვლია გაქცევა და დამალვა, როდესაც გასულ ზამთარს ათასობით რუსული ჯავშანტექნიკა შემოიჭრა უკრაინაში.
„როდესაც მტერი ზღურბლთან მოგვადგა, რაღაც უნდა გამეკეთებინა, თავდაცვის მიმართულებით უნდა მემოქმედა“, – ამბობს ის.
ღამით, როდესაც 30 დეკემბერი უნდა გათენებულიყო, შამშურის თქმით, მისმა დანაყოფმა კიევის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მისმა გუნდა შეძენილი უნარ-ჩვევები სხვა დანაყოფებს გაუზიარა.
შამშური ომამდე რეზერვისტი იყო. როცა გაიგო, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მისი სამხედრო ბაზა უკვე განადგურებული იყო, ამიტომ ტერიტორიულ დაცვას შეუერთდა. თავიდან მშვიდობიან მოსახლეობას პროდუქტებს აწვდიდა და ევაკუაციაში ეხმარებოდა.