დავით ზურაბიშვილი: არა მგონია, რუსეთის ლუკმა გავხდეთ – ამას არც დასავლეთი დაუშვებს და ხალხის განწყობაც არ არის საამისო
“არა მგონია, რუსეთის ლუკმა გავხდეთ – არა იმიტომ, რომ ამაზე ხელისუფლება არ წავა, არამედ იმიტომ, რომ ამას არც დასავლეთი დაუშვებს და ხალხის განწყობაც არ არის საამისო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ოპოზიციაში დემოკრატიული ალტერნატივა რეალურად ჩამოყალიბდეს.
“როცა სააკაშვილზეა ლაპარაკი, ორი მომენტია – წმინდა ჰუმანური, ცუდად არის, აქ ვერ მკურნალობენ და უნდა გავუშვათ, და მეორეა პოლიტიკური, რომ ის უსამართლოდაა დაპატიმრებული და მას კლავენ, მიზანმიმართულად აწამებენ და ასე შემდეგ… სააკაშვილის მომხრეთა პოზიცია, პრინციპში, ამ ორივეს გულისხმობს, რაც, ჩემი აზრით, აბსურდია, რადგან თუ სააკაშვილს აწამებენ პუტინის დავალებით და კლავენ, მაშინ ჰუმანური მოსაზრებით როგორ გაუშვებენ? და პირიქით, თუ ჰუმანური მოსაზრებით უნდა გაუშვან, მაშინ არ უნდა იყოს ლაპარაკი, რომ მას აწამებენ, კლავენ, რომ ერთდროულად დარიშხანსა და ვერცხლისწყალს ასმევენ. ეს ორი რამ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია. ამიტომ ნებისმიერ ვარიანტში ივანიშვილისთვის სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება პოლიტიკური მარცხი იქნება და ამას არ გააკეთებს, ქვეყანა რომ დაიქცეს.
ასეთ ვითარებაში ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ალბათ, უფრო დიდი უნდა იყოს. მათ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ევროპარლამენტთან ურთიერთობაში. მათ უნდა აუხსნან, რომ სააკაშვილზე ზრუნვა ჰუმანური მოსაზრებით კი საჭიროა, მაგრამ ეს საკითხი ცალკე უნდა იყოს, ხოლო სტატუსის მიღება ცალკე. მე ახლა ოპოზიციაში რომ ვიყო, ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. მთავრობის გასაკეთებელი საქმეც კი დიდწილად ოპოზიციამ უნდა იკისროს, დაელაპარაკოს ევროპარლამენტარებს, რომ მიშას და ევროკავშირის სტატუსის გადაბმით აქ სიტუაციას გვირთულებენ იმათ, ვისაც ევროპა გვინდა და ევროპული ორიენტაცია გვაქვს. ოპოზიცია ამ საქმეს ან ძალისხმევას აკლებს, ან პირიქით, თვითონაც მიზანმიმართულად აკავშირებს ამ ორ საკითხს ერთმანეთთან. ამ შემთხვევაში უპირველესად “ნაცმოძრაობას” ვგულისხმობ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილის თემა სტატუსის საკითხს მიაბას. არადა, დაახლოებით 5 თვის წინ ამაზე არც იყო ლაპარაკი. მერე კი ივანიშვილმა და ოპოზიციამ ერთად მოახერხეს ის, რომ ეს საკითხები ერთმანეთს მიაბეს.
ცოტა ხნის წინ ევროკომისრის წინადადებით ევროკავშირის ეგიდით უნდა ჩამოსულიყო სამედიცინო კომისია, რათა გამოეკვლია სააკაშვილის მდგომარეობა და დაეწერა დასკვნა, შეიძლება თუ არა მისი საქართველოში მკურნალობა. ვფიქრობ, ეს სწორი გამოსავალი იქნებოდა. ოპოზიციაც, ჩემი აზრით, ამას უნდა ითხოვდეს – ჩამოვიდეს ისეთი კომისია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ენდობა ყველა და გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა აქ უმკურნალონ. რეკომენდაციები სხვა არის, სხვა არის, დაინტერესებული მხარე რომ ქირაობს ვიღაცას, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს, და ოფიციალური დასკვნა სხვაა.
არა მგონია, რუსეთის ლუკმა გავხდეთ – არა იმიტომ, რომ ამაზე ხელისუფლება არ წავა, არამედ იმიტომ, რომ ამას არც დასავლეთი დაუშვებს და ხალხის განწყობაც არ არის საამისო. რუსეთის გავლენის სფეროში ოფიციალურად გაფორმებას ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვება, ისეთი, რომ ხელისუფლებას წალეკავს. ამიტომ ამაზე ხელისუფლება არ წავა, მაგრამ დასავლეთის დაშანტაჟებასაც არ შეეშვება და ასე გაგრძელდება, ვიდრე 2024 წლის არჩევნები არ დადგება… ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ოპოზიციაში დემოკრატიული ალტერნატივა რეალურად ჩამოყალიბდეს და თუ ჩამოყალიბდება, ცხადია, დასავლეთს ურჩევნია მასთან ჰქონდეს საქმე. ყველაზე ცუდი ის არის, მგონი, ოპოზიცია ამაზე არც ფიქრობს”, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.