ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრს გენერალ ქრისტოფერ კავოლიმ პირად რეზიდენციაში უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრს გენერალ ქრისტოფერ კავოლიმ პირად რეზიდენციაში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის, საქართველოს საჭიროებებზე მორგებული დოკუმენტისა და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.