ვახტანგ ხმალაძე: ის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის შეცდომებს იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ის, რომ მეორდება მოქმედებები, დაკავშირებულია პოლიტიკური კულტურის დაბალ დონესთან

“პარლამენტში ბოიკოტი ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ის გამოიყენება როგორც საპარლამენტო პროტესტის რადიკალური ზომა – პარლამენტის ტრიბუნა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოებასაც აჩვენოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მეორე – შეეცადოს გავლენა მოახდინოს უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე. ამით ხდება ამომრჩევლების მომრავლება”,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის შეცდომებს იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ის, რომ მეორდება ისეთი მოქმედებები, გინდა ერთი მხრიდან და გინდა მეორე მხრიდან, და არცთუ იშვიათად ეს თავად შემსრულებლის წინააღმდეგ მოქმედებს, დაკავშირებულია პოლიტიკური კულტურის დაბალ დონესთან და სანამ ის არ ამაღლდება, ვითარება არ შეიცვლება.

“პარლამენტში ბოიკოტი ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ის გამოიყენება როგორც საპარლამენტო პროტესტის რადიკალური ზომა. მაგალითად, როდესაც ამა თუ იმ ჯგუფისთვის პრინციპულად მიუღებელ საკითხს იღებენ, არ ითვალისწინებენ ამ ჯგუფის არანაირ შეთავაზებას, აზრს, ეს ჯგუფი პროტესტის ნიშნად იყენებს ბოიკოტის ფორმას და ამბობს, ამ კონკრეტული საკითხის განხილვაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთო. ჩვეულებრივ, ბოიკოტი კონკრეტული საკითხის გამო კონკრეტული პერიოდით გრძელდება და შემდეგ შეწყვეტენ. პლენარულ სხდომაზე რომელიღაც საკითხისთვის ბოიკოტის გამოცხადება, როგორც წესი, არ იწვევს საპარლამენტო საქმიანობაზე ბოიკოტს. ან კომიტეტის სხდომაზე რაღაც საკითხისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ იწვევს იმას, რომ ყველა სხვა საკითხსაც ბოიკოტი გამოუცხადონ. ასე რომ, ჩვენთან ბოიკოტი იმ სახით გამოიყენება, როგორიც არ არის დამახასიათებელი საპარლამენტო საქმიანობისთვის.

საპარლამენტო საქმიანობის დროს არსებობს უმრავლესობა და ოპოზიცია. უმრავლესობა არის ის, ვისაც აქვს მანდატების ნახევარზე მეტი. საკითხთა უმრავლესობა სწორედ უმრავლესობით წყდება და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, თუ უმრავლესობამ რაღაც მოინდომა, შეძლებს კიდეც გატანას, თუნდაც ოპოზიციის წინააღმდეგობის შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ამას ყოველთვის ბოიკოტით უნდა უპასუხოს, ისევე, როგორც არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობამ არ გაუწიოს ანგარიში ოპოზიციის აზრს. ჩვენთან არის ასეთი მიდგომა, რაც პრინციპში იყო და ჩანდა ჯერ კიდევ პირველი მრავალპარტიული არჩევნებით არჩეული უზენაესი საბჭოს მუშაობის დროსაც – დღეს ჩვენ ვართ უმრავლესობა და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. როცა თქვენ იქნებით უმრავლესობა, თქვენ გააკეთეთ, რაც გინდათო. ეს სამწუხარო რეალობაა. პარლამენტის ტრიბუნა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოებასაც აჩვენოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მეორე – შეეცადოს გავლენა მოახდინოს უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე. ამით ხდება ამომრჩევლების მომრავლება. ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს საკუთარი იდეების პოპულარიზაციისთვის. ეს არის ოპოზიციისთვის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელოვანი მომენტი. აღარაფერს ვამბობ იმ საკონტროლო ფუნქციებზე, რომლის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა ოპოზიციას აქვს. მაგალითად, პარლამენტის წევრთა 1/3-ს, ანუ 50 კაცს, შეუძლია მოითხოვოს საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოთხოვნა უნდა შესრულდეს. საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა და, თუ ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომლის გარეშეც, მაგალითად, საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლებელი ხდება, გამოდის, ოპოზიცია უარს ამბობს ასეთი ქმედითი მექანიზმის გამოყენებაზე. კანონების მიღება საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია. რაც არ უნდა გონივრული და საქმისთვის საჭირო წინადადება წარადგინოს ოპოზიციამ, რადგან არსებობს ერთპარტიული უმრავლესობა, მას შეუძლია არც ერთი წინადადება არ გაითვალისწინოს. ისევე როგორც, თუ უმრავლესობას უნდა რაიმეს მიღება და ვთქვათ, ამას ოპოზიცია ეწინააღმდეგება, უმრავლესობას მისი მიღებაც შეუძლია ოპოზიციისგან დამოუკიდებლად. მაგრამ პარლამენტში გატანილი ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციის არყოფნის შემთხვევაში პარლამენტში არავინ იქნება, ვინც იტყვის, რა არის არასწორი და რა ცუდი ამ კანონპროექტში, რა მოჰყვება ამას…

ცხადია, ოპოზიციას ამის თქმა გარეთაც შეუძლია, მაგრამ საპარლამენტო დისკუსიას ის უპირატესობა აქვს, რომ მსმენელს ყველა არგუმენტის შეფასება და დასკვნის გამოტანა შეუძლია. საპარლამენტო დისკუსიის გარეშე ამის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არა გვაქვს, რადგან ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტის გარეთ ცალ-ცალკე ლაპარაკობენ და, თუკი საკითხს ღრმად არ იცნობ, სწორი დასკვნის გამოტანა ძნელია. ამიტომ პარლამენტში ყოფნაა საჭირო.

ის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის შეცდომებს იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ის, რომ მეორდება ისეთი მოქმედებები, გინდა ერთი მხრიდან და გინდა მეორე მხრიდან, და არცთუ იშვიათად ეს თავად შემსრულებლის წინააღმდეგ მოქმედებს, დაკავშირებულია პოლიტიკური კულტურის დაბალ დონესთან და სანამ ის არ ამაღლდება, ვითარება არ შეიცვლება. ეს კი ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, უპირველესად განათლებასთან და არა დიპლომებთან. სანამ განათლების დონე არ აიწევს და ის ღირებულებები, რაც არის პატიოსნება, მოუსყიდველობა, მიმტევებლობა, არ გახდება ადამიანებისთვის მთავარი და პრინციპული, მანამდე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით”,- განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები