გიორგი გობრონიძე: დიპლომატიური თვალსაზრისით, დღეს ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ძალიან უნდა ვიფრთხილოთ, რომ სადმე ფეხი არ აგვიცდეს

“ეს იყო შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა ყველას საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა. ეს არ არის პარტნიორობა, რომელსაც ხვალ შეწყვეტ და ზეგ აღადგენ. ეს არის ორი სახელმწიფოს გრძელვადიანი, მდგრადი თანამშრომლობა”,- ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გასულ კვირას ვაშინგტონში აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების, ლოიდ ოსტინისა და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრას.

როგორც გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ერთი რამ ახასიათებს – მას ევროპა და დემოკრატია უნდა მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან – მაშინ ახსენდებათ სიტყვისა თუ სასამართლოს თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ავიწყდებათ.

“ეს იყო შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა ყველას საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა. ეს არ არის პარტნიორობა, რომელსაც ხვალ შეწყვეტ და ზეგ აღადგენ. ეს არის ორი სახელმწიფოს გრძელვადიანი, მდგრადი თანამშრომლობა. ეს შეხვედრა ასევე ცხადყოფს, რომ როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს ერთმანეთთან აქვთ ვალდებულებები და მათ სჭირდება შესრულება. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი პრინციპი ხომ სწორედ ეს არის. თუ გადავხედავთ ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ აქტივობას, ის გარკვეულწილად აცდენილია ჩვენს რიტორიკას. არ ვამბობ, რომ ჩვენ უკვე ვართ დასავლური დემოკრატიის ქვეყანა, რაც უპირველესად ნიშნავს დასავლურ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ ამისგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ დასავლეთის პარტნიორი სახელმწიფო. ჩვენ გვჭირდება ეს პარტნიორობა, ასევე ფხიზელი დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებთან. მოკლედ, გვჭირდება რეგიონული და სამეზობლო პოლიტიკაც. დიპლომატიური თვალსაზრისით, დღეს ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე და ძალიან უნდა ვიფრთხილოთ, რომ სადმე ფეხი არ აგვიცდეს. ისევ ხელისუფლების ბოლოდროინდელ რიტორიკასა და დასავლეთზე გახშირებულ კრიტიკულ, უსაფუძვლო განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ვაშინგტონში გამართულმა ამ შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ეს განცხადებები მეტწილად განკუთვნილია შიდა აუდიტორიისთვის და გათვლილია მაქსიმუმ ვიწრორეგიონულ ინტერესზე. ეს არ არის რეალურად საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა. მთელი პრობლემა კი ის არის, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ამ განცხადებების პოტენციურ დამაზიანებელ ეფექტს ჩვენი საგარეო იმიჯისთვის ნაკლებად უფიქრდება. ამიტომ საჭიროა ხელისუფლების მოქმედებები და რიტორიკა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. გასაგებია, რატომაც ლაპარაკობენ ამგვარად – ისინი ემზადებიან შემდეგი საარჩევნო ციკლისთვის, ასევე გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობისთვის, სამწუხაროდ, საქართველოში არა გვაქვს სტაბილური გარემო. აქედან გამომდინარე, ცდილობენ განწყობა შექმნან იმ შემთხვევისთვის, თუ ვერ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამაში ევროკავშირი დაადანაშაულონ და არა საკუთარი თავი. ყოველთვის ადვილია ეძებო და იპოვო დამნაშავე ყველგან, გარდა საკუთარი თავისა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება ცდილობს ოქროს შუალედი იპოვოს, რამდენად გამოსდის ან არსებობს თუ არა ამგვარი შუალედი საერთოდ, სხვა საკითხია. მოდი, გავიაზროთ რამდენიმე მომენტი. მაგალითად, როდესაც ლაპარაკია, თუ რატომ არ გავიზიარეთ ევროკავშირის ქვეყნების მიდგომა და არ დავუწესეთ ჩვენც ცალმხრივი შეზღუდვები რუსეთს, ჯერ ერთი, ჩვენ არა ვართ ევროკავშირის წევრი და არ ვიყავით მზად ამის უარყოფითი ეფექტისთვის ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენ არც იმის გარანტიები მიგვიღია, რომ ამის შემდეგ ჩვენი ეკონომიკური სისტემა თუ უსაფრთხოება დაცული იქნებოდა და ა.შ. ჩემი აზრით, პრობლემა იყო არა ის, რომ არ და ვერ დავაწესეთ ამგვარი სანქციები, არამედ ის, თუ როგორ მივაწოდეთ ამის თაობაზე ინფორმაცია გარე სამყაროს. მარტივად და ლოგიკურად შეგვეძლო ამის ახსნა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. არაფერი განსხვავებული იმისგან, რაც, მაგალითად, გააკეთა მოლდოვამ, არ გაგვიკეთებია.

ვერ ვიტყოდი, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ რუსეთის მხარეს ვართ, უბრალოდ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ვერ გავუწევთ უკრაინას დახმარებას. ეს ქვეყნები ნატოს ქოლგის ქვეშ არიან, შესაბამისად, მათ უსაფრთხოების გაცილებით მეტი გარანტია აქვთ, ვიდრე ჩვენ. თურქეთიც კი, რომელსაც ალიანსში რიგით მეორე არმია ჰყავს, ისიც ძალიან სიფრთხილით მოეკიდა სანქციების საკითხს. ის ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები. თურქული დიპლომატია მეტად საინტერესოა თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ერთადერთი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილად იბადება კითხვები, ხომ არ ვაჭარბებთ ან ამა თუ იმ ვითარებაში რამდენად სწორად ვიქცევით? ცალკე პრობლემაა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობა, რომლის გაუარესებაც ომის დროს არ დაწყებულა. ამ ურთიერთობაში სააკაშვილის ფაქტორმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა. დიპლომატიური ურთიერთობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ამ ხელისუფლების შეფასებით მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, რომელზეც გამოცხადებული იყო ძებნა, უკრაინაში კი სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას აბარებდნენ. საინტერესოა, როგორი იქნებოდა უკრაინის პოლიტიკური ელიტის პოზიცია, იანუკოვიჩი რომ ჩამოგვეყვანა და რაიმე თანამდებობაზე დაგვენიშნა. მოკლედ, ვცდილობ ობიექტურად ავხსნა, თუ რამ გამოიწვია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობის გაუარესება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ეს რიტორიკა, რაც ორივე მხრიდან გვესმის, მისაღებია… სხვა ქვეყნების ისტორიაშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაუკავებიათ, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება და პროცესის ისე წარმართვა, რომ არ გაჩნდეს კითხვები. სააკაშვილი შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური პატიმარი არა იმიტომ, რომ ის უდანაშაულოა, არამედ იმიტომ, რომ მისი დაკავება იმთავითვე იქცა პოლიტიკური პროცესის ნაწილად. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლების დამოკიდებულებაც. წესით, მისთვის ყოველმხრივ მომგებიანი უნდა იყოს მისი შეწყალება და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოდან გაშვება. ეს იქნებოდა კრიზისიდან უმტკივნეულო გამოსავალი. არ მესმის, ხელისუფლება რატომ არ იქცევა ასე და სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით რა სარგებელს იღებს. საქართველოს ხელისუფლების წამოწყებულ ძალიან არასწორ რიტორიკას, ახლა იყენებს რუსეთი. სწორედ ამ დაუფიქრებელმა რიტორიკამ მისცა ლავროვს და სხვებს ფრენების აღდგენისა და სხვა განცხადებების გაკეთების საშუალება. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობა გააფუჭოს. რუსული პოლიტიკური დღის წესრიგი არსად წასულა. კრემლი ცდილობს საქართველოსვე მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარების საფუძველი, სტაბილური ეკონომიკური განვითარების პირობები შეუქცევადი დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობა. ეს სამი რამ სჭირდება ქვეყანას, რათა წარმატებას მივაღწიოთ. რაც შეეხება რუსეთს, მათ ძალიან მარტივი გამოსავალი აქვთ საქართველოსთან ურთიერთობის დასალაგებლად – აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაიყვანონ საოკუპაციო ჯარი. თუ ამას გააკეთებენ, საქართველოში ძალიან ცოტა პოლიტიკოსი თუ ილაპარაკებს, ალბათ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ქართულ პოლიტიკურ ელიტას ერთი რამ ახასიათებს – მას ევროპა და დემოკრატია უნდა მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან. მაშინ ახსენდებათ სიტყვისა თუ სასამართლოს თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ავიწყდებათ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და არც მაინტერესებს “ნაციონალურ მოძრაობაში” რა ცვლილებებია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პარტიის ამ ცვლილებებამდე არსებულ ხელმძღვანელობასთან შედარებითაც კი ხაბეიშვილი და მისი “რაზმი” აშკარად დიდი უკუსვლაა. რაც შეეხება აქციებს, ის, რაც გასულ კვირას ვნახეთ, ყველა იმ ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც აქციებით აპირებს რაიმე ცვლილებას, ცივი შხაპი უნდა იყოს. ხალხს ამ პოლიტიკური აპოკალიფსის რეჟიმში ცხოვრება აღარ სურს. შესაბამისად, შეიწუხონ თავი, გადაშალონ წიგნები და, ბოლოს და ბოლოს, დაიწყონ იმაზე მუშაობა, როგორ შესთავაზონ ხალხს განვითარების ალტერნატიული და უკეთესი გეგმა და შევიდნენ ხარისხიან კონკურენციაში”,- განაცხადა გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები