ვახტანგ ძაბირაძე: აქციები, რომელთაც ახლა ხაბეიშვილი ატარებს, ძალიან მცირერიცხოვანია და ეს მცირემასშტაბიანი აქციები ხელისუფლების სასარგებლოდაც კი მუშაობს

“დღეს ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი არ არის. ახლა 24 თებერვლისთვის გამოაცხადეს “გრანდიოზული” აქცია. “ქართულ ოცნებას” ვერც ხაბეიშვილი შეაშინებს და ვერც დანარჩენი ოპოზიცია”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ძაბირაძე ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უცხოეთში გაშვება კარგი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ დასრულდებოდა უთანხმოება ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, არა მგონია, რამე შეიცვალოს. აქციები, რომელთაც ახლა ხაბეიშვილი ატარებს, ძალიან მცირერიცხოვანია და ეს მცირემასშტაბიანი აქციები ხელისუფლების სასარგებლოდაც კი მუშაობს. შეიძლება ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა ცალკეულ პირებს მართლაც შეუქმნან მცირე დისკომფორტი, მაგალითად, ისეთი, როგორიც მამუკა მდინარაძეს “იმედიდან” გამოსვლის დროს, მაგრამ ხელისუფლება ამის საპირწონედ აუცილებლად მოიფიქრებს რამეს. დღეს ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი არ არის. ახლა 24 თებერვლისთვის გამოაცხადეს “გრანდიოზული” აქცია. “ქართულ ოცნებას” ვერც ხაბეიშვილი შეაშინებს და ვერც დანარჩენი ოპოზიცია. არ აწყობს და არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. სააკაშვილი ამ ხელისუფლებისთვის საფრთხე აღარ არის, არც ჯანმრთელი და არც მომაკვდავი, არც საქართველოში მყოფი და არც უცხოეთში გაშვებული. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ აქციის მონაწილეების რაოდენობით, რომლებიც სასამართლო პროცესის შემდეგ­ შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთან, ასევე იმ აქციებით, რომელთაც ახლა ხაბეიშვილი მართავს. საზღვარგარეთ გაუშვან კი არა, სულ “ნაციონალების” ოფისში რომ მიიყვანონ და დასვან, ის მაინც ვეღარ შეძლებს საპროტესტო ტალღის აგორებას. უფრო მეტსაც გეტყვით – გათავისუფლების შემთხვევაში მისი რეიტინგი უფრო დაეცემა. დღეს სიბრალულის ფაქტორი მაინც მუშაობს, შიმშილობს თუ ძალით აშიმშილებენ, ხალხს ეცოდება. როდესაც მოსახლეობის 2/3-ს არ უნდა სააკაშვილი, ზოგს ეცოდება და ზოგს ეზიზღება, ე.ი. მისი პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილია. ხოლო “ქართული ოცნება” ხომ არ აღიარებს, რომ სასამართლოს საქმეში ერევა – სააკაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. გარდა ამისა, თავად სჭირდება, რომ ოპოზიციამ ვერასდროს მოახერხოს ყალბი ორიენტირებისგან გათავისუფლება. წელიწადზე მეტია ოპოზიცია სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, ყველა სხვა თემა გვერდზე აქვს მიყრილი – პარლამენტშიც და მის გარეთაც.

თქვენ რომ იყოთ “ქართულ ოცნებაში” და ქვეყანას მხოლოდ პირადი ინტერესებით მართავდეთ, გაუშვებდით სააკაშვილს ხელიდან? მხოლოდ ორ ვარიანტში შეიძლება ექსპრეზიდენტის გათავისუფლება – პირველი, თუ დასავლელი პარტნიორების (ოღონდ ევროპარლამენტის კი არა, აღმასრულებელი ხელისუფლების) ზეწოლა იქნება და მეორე, თუ ლეტალური შედეგის საფრთხე რეალურად დადგება. სალომე ზურაბიშვილმა სწორად თქვა, მას არა აქვს სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობა. ვერ შეიწყალებს პირს, რომელზეც საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიკვირს ოპოზიციის, როდესაც ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას უკიჟინებენ. არ იციან, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მხოლოდ ოპოზიციისთვის კოჭის გაგორება იქნება და მმართველ გუნდთან კიდევ უფრო დაუძაბავს ურთიერთობას?! სააკაშვილს გარეთაც კი არ გამოუშვებენ, წაუკითხავენ ერთ დადგენილებას და ამცნობენ, რომ ამნისტიით გათავისუფლებულია, მაგრამ სანამ კარამდე მივა, მეორე დადგენილებას წაუკითხავენ, რომ გამოძიებამ სხვა საქმეზე მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა და იქვე დატოვებენ.

მე ასეთი განცდა გამიჩინა აბაშიძე-კარასინის ფარულმა ჩანაწერმა, რომელშიც გრიგორი კარასინი აბაშიძეს ეუბნება, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით და სურს ისინი რეგულარული გახდეს. ამ ჩანაწერში, რჩება განცდა, რომ კარასინის ინიციატივა აბაშიძეს არ მოსწონს, მაგრამ უარსაც ვერ ეუბნება და ცდილობს თავი შორს დაიჭიროს… თუ მეტყვით, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებსო, დაგეთანხმებით, უფრო სწორად, ლოგიკით ასე უნდა იყოს, მაგრამ ამ ოპოზიციის შემყურეს, მიჭირს პროგნოზის გაკეთება. უკრაინა რომ გაიმარჯვებს და ტერიტორიებს დაიბრუნებს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ არავინ იცის, სად გაჩერდება პროცესი. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში დასავლეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსული ჯარის გაყვანა უზრუნველყოს. სამწუხაროდ, 90-იან წლებში ერთმანეთთან დაპირისპირების გამო ხელიდან გავუშვით რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა და ახლაც იმავე შეცდომას ვიმეორებთ. დასავლეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს ჩვენთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას. მართლაც ძალიან ბევრს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს რუსეთის შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას, მაშინ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ივაჭროს ჩვენით, დიახ, უკრაინასთან დამარცხება საქართველოთი აინაზღაუროს. მე იმედი მაქვს, რომ დასავლეთი ამაზე არ წავა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მოცემულობა არ დადგეს, რუსეთს ჩვენით ვაჭრობის საშუალება არ მიეცეს”, – განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები