სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მსჯელობა გრძელდება – დაიწყო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე დაიკითხება.
სწორედ დღეს დაიწყო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი მოწმეების დაკითხვა.
სხდომას სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურადაც არ ესწრება.
სასამართლოში პენიტენციური დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ოქმი, ასევე კლინიკა “ვივამედიდან” სამედიცინო ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ მიეცა, დისტანციურად ჩართვაზე კი თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.