ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში საერთაშორისო სწავლებას – „ზამთარი 2023“ დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალეროვნული სწავლების – „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო სტუმრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა ყარსში უმასპინძლა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრთან ერთად საპატიო სტუმრების დღეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი – ზაზა ჩხაიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ.
თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის, საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.