“აზრი არ აქვს” – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე მსჯვარდებულმა ალეკო ჭელიძემ სააპელაციოში დასკვნით სიტყვაზე უარი თქვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების დასკვნითი პროცესი გაიმართა.

მსჯავრდებულებს საშუალება ჰქონდათ, სიტყვის უფლებით ესარგებლათ, თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა, ალეკო ჭელიძემ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ “აზრი არ აქვს”.

“არ მსურს, საბოლოო სიტყვით ვისარგებლო, რადგანაც ამას აზრი არ აქვს” – თქვა ჭელიძემ.

რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის პოზიციას, როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, მას და ალეკო ჭელიძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არ დაუგეგმავთ.

“რაც პროკურორმა ისაუბრა, ანალოგიური დასკვნით სიტყვაში მოვისმინეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში და ამის საპასუხოდ მე ზოგად შეფასებას გავაკეთებ. მტკიცებულებებს, რასაც ხაზი გაესვა პროკურორის მხრიდან, ჩემ ბრალეულობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არ არის სამართლებრივი მხარე. ეს არის მისი ვარაუდი და შეფასება არანაირი ფაქტი არ მოწმობს იმას, რომ მე და ალეკოს გვქონდა საერთო განზრახვა, მოგველაპარაკებინა ადამიანის მკვლელობაზე.
ვიმედოვნებ, რომ მეორე ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიიღება პროვოკაციის საფუძველზე”, – განაცხადა გიორგი კავილაძემ და პროკურორის არგუმენტებს “უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ზღაპრები” უწოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მკვლელობა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. 22 წლის ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები