სააკაშვილის პროცესზე ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მოწმისთვის მესიჯების მიწერის გამო სხდომიდან გააძევეს
მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს.
მოსამართლემ მარიამ ჯიშკრიანს რამდენჯერმე მიმართა, რომ მობილური ტელეფონი შეენახა.
„ქალბატონო მარიამ, ტელეფონი ხელს გიშლით და შეინახეთ“, – მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძემ ჯიშკარიანს, რის შემდეგაც მოწმეს, გალინა კამუშინას, რომელიც სხდომაზე იკითხება, ტელეფონის შენახვისკენ მოუწოდა. „ხომ მშვიდობაა, ტელეფონში ხშირ-ხშირად იყურებით. შეინახეთ. ქალბატონო გალინა, ბოლო მომენტში რა მოგწერათ მარიამ ჯიშკარიანმა“, – მიმართა მოსამართლემ მოწმეს.
ტელეფონის განმეორებით გამოყენების შემდეგ, მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
„ქალბატონო მარიამ, გაძევებული ხართ სხდომის დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო და კიდევ იმის გამო, რომ სხვა ექსპერტს კარნახობთ, რა უპასუხოს მხარეების შეკითხვებს. ეს კიდევ უფრო ცუდი საქციელია, ვიდრე წესრიგის დარღვევა“, – მიმართა მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს.