გიორგი კობერიძე: ვფიქრობ, 2023 წლის მეორე ნახევარში უკვე გამოკვეთილი იქნება ომის დასრულების ვადა

“ჩემი აზრით, ომში ზაფხულამდე უნდა მოხდეს გარდატეხა. ახლა ჩვენ ვხედავთ ძალთა ფარდობას, კლიმატური პირობების გამო მასშტაბური ოპერაციებისგან ორივე მხარე თავს იკავებს”, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტმა, ჯიპა-ს პროფესორმა გიორგი კობერიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

კობერიძე ფიქრობს, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში ომის დასრულების ვადა უკვე გამოკვეთილი იქნება.

“რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი დამოკიდებულება ბოლო თვეების განმავლობაში დღითი დღე პოზიტიურად იცვლება, რაც არანაირ საფუძველს არ ეფუძნება, ანუ საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური სიგნალები რუსეთიდან არ მოდის. რასაც ახლა ვხედავთ, არის მხოლოდ საქართველოს მიზანმიმართული კეთილგანწყობილი განცხადებები ისე, რომ სანაცვლოდ, ფაქტობრივად, არაფრის მოლოდინი არა გვაქვს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, აგერ ლავროვმა თურმე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ეს პოზიტიურ გზავნილად ვერ ჩაითვლება, რადგან თავის დროზე ფრენები თავად რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა, ახლა კი საქართველოზე მეტად სჭირდებათ ამის აღდგენა, შესაბამისად, ეს სარგებლიანი რუსეთისთვის უფროა, ვიდრე ჩვენთვის. თუ რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური პოლიტიკის დღის წესრიგით მიზანმიმართულად ვილაპარაკებთ, ალბათ, ამაში მაინც უნდა იგულისხმებოდეს, რომ ამით საქართველო უნდა დარჩეს მოგებული, მაგრამ ამის ნიშანწყალიც არსად ჩანს. ვიმეორებ – ფრენების აღდგენა თუ ეკონომიკური აქტიურობა, რაც ამ ქვეყანასთან გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი.

რაც შეეხება დავოსში ჩატარებულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს – საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთიდან ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამს და მადლობა ღმერთს, რადგან უარის თქმა შეიძლება სუვერენიტეტის თუ არა, ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაკარგვად განვიხილოთ, რადგან ეს პირდაპირ რუსეთის ეკონომიკა მიგვაბამს. ენერგოეკონომიკური დივერსიფიკაცია საქართველოსთვის სტრატეგიულად ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და შესაბამისად, აუცილებლად ნაბიჯები გადასადგმელია. დღეს შუა დერეფნის მნიშვნელობა გააძლიერა იმ რეალობამ, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ შეიქმნა. ეს ერთგვარ შესაძლებლობად იქცა საქართველოსთვის, რისი გამოუყენებლობაც დიდი შეცდომა იქნება. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ამას არაერთი მიზეზი შეიძლება განაპირობებდეს. მაგალითად ის, რომ თუ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური არტერია, ეს თვითონ საქართველოსთვის აჩენს უდიდეს შესაძლებლობებს ევროკავშირისგან მოითხოვოს ძალიან ბევრი პოლიტიკური სარგებელი, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მოპოვების დაჩქარება, სამხედრო და ეკონომიკური დახმარება და ა.შ. ეს შეიძლება ხელისუფლებისთვისაც ძალიან ქმედითი ბერკეტი იყოს, ანუ ივაჭროს საკუთარი როლით და ევროკავშირისგან მოითხოვოს, მაგალითად, ფასადური რეფორმების გატარება, რაც მათ ძალაუფლებას არაფერს მოაკლებს. რადგან საქართველო ამ არტერიის მნიშვნელოვანი კვანძი იქნება, ეს ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებას უფრო შეუწყობს ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს არა პერსონალური პოლიტიკური მიზნების, არამედ საქვეყნო ინტერესების გასატარებლად. ევროპელ პოლიტიკოსებს რას მოვთხოვთ, ესაა მნიშვნელოვანი – თუ მოვითხოვთ მეტ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ დახმარებას და კანდიდატის სტატუსის რაც შეიძლება დაჩქარებულად მოპოვებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება რაციონალური და სწორი ნაბიჯი.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს – ჩემი აზრით, ომში ზაფხულამდე უნდა მოხდეს გარდატეხა. ახლა ჩვენ ვხედავთ ძალთა ფარდობას, კლიმატური პირობების გამო მასშტაბური ოპერაციებისგან ორივე მხარე თავს იკავებს. უკრაინა ელის, თუ რას იზამს რუსეთი ბელარუსის მხრიდან, არის საფრთხე, რომ კრემლის რეჟიმმა გადასხას დესანტი სწორედ ბელარუსიდან, თუ, რა თქმა უნდა, ეყოფა ამისთვის რესურსი. უკრაინა კი ემზადება და ელის დასავლურ იარაღს, რომელსაც აითვისებს, იმავდროულად, გაწვრთნის სამხედროებს, ვარაუდობენ, რომ ჩამოაყალიბებენ დასავლური მომზადების, სულ ცოტა, 4-5 ბრიგადას, რის შემდგომაც შეიძლება ვიხილოთ უკრაინელების მასირებული კონტრშეტევა. წესით, ეს უნდა მოხდეს ივნისამდე… რუსები სოლედარის 90%-ს აკონტროლებენ და შეიძლება სხვა მიმართულებებიდანაც დაიწყონ ლოკალური შეტევები. ბახმუტის შენარჩუნებისთვის უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს. მოგეხსენებათ, გასულ კვირას გერმანიაში რამშტაინის ბაზაში მოკავშირეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და უკრაინისათვის დახმარების პაკეტზე იმსჯელეს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ამ ეტაპზე კვლავ ვერ დაითანხმეს “ლეოპარდ 2″ ტანკების გადაცემაზე, ბერლინი მაინც მიაწვდის მილიარდიან დახმარებას უკრაინას, რომელიც დახმარების ასევე ახალ პაკეტს მიიღებს აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, ფინეთიდან და ა.შ. რაც შეეხება ბელარუსიდან კიდევ ერთხელ შეღწევის ცდას, თუ ეს მოხდება, არ იქნება მასშტაბური შეტევა დასავლეთ უკრაინაზე ან კიევზე. შეტევა იქნება უფრო ლოკალური, რისი მიზანიც იქნება უკრაინის დანაყოფების ნაწილის იმ მიმართულებაზე გადასროლა, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზი არ გადის. დღეს რუსეთი ცდილობს რეზერვები შეავსოს, უკრაინა კი – დასავლური ტექნიკა მიიღოს და აითვისოს. ვფიქრობ, 2023 წლის მეორე ნახევარში უკვე გამოკვეთილი იქნება ომის დასრულების ვადა”,- განაცხადა კობერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები