სამწუხაროდ, ომის დროს დაღუპულთა ცხედრების ახლობლებისთვის გადაცემა იშვიათად ხერხდებოდა. განსაკუთრებით დიდი შეჯახებების დროს დასაფლავებაც კი იშვიათი იყო, ცხედრებს, უბრალოდ, ბრძოლის ველზე ტოვებდნენ. თუმცა, საბჭოთა და გერმანელ ჯარისკაცებს მაინც ჰქონდათ დასაფლავების თავისებური რიტუალები, რომელთა დაცვასაც ისინი ყველა შესაძლებლობისას ცდილობდნენ.
1941 წლის 15 მარტს სსრკ-ს თავდაცვის სახალხო კომისარიატის უფროსმა გასცა ბრძანება „ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგითების, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის პროცედურის შესახებ“. მასში დაწვრილებით არის აღწერილი საბჭოთა ჯარისკაცების და ოფიცრების დაკრძალვის ცერემონიის რიგითობა. მაგალითად, ბრძანებაში ეწერა, რომ ბროლის ველიდან დაღუპულთა გამოყვანა არის აუცილებელი, მიუხედავად არსებული ვითარებისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი მოწინააღმდეგეს ცეცხლი აქვს გაჩაღებული, ჯარისკაცებმა აუცილებლად უნდა გამოიყვანონ თავისი დაღუპული თანამებრძოლის ცხედარი ბრძოლის ველიდან და გადასცენ ის დაკრძალვის სპეციალურ ჯგუფს.
რეკომენდაციის მიხედვით, საფლავი უნდა ყოფილიყო მშრალ ადგილზე. თუკი საქმე ქალაქს ეხებოდა, პრიორიტეტს ანიჭებდნენ სასაფლაოს, პარკების და მოედნების ადგილს. სხვა შემთხვევაში, შესაბამის ადგილად ითვლებოდა მინდორი, გზაჯვარედინები და ყორღანები. საფლავის სიღრმე სულ მცირე 1,5 მეტრი უნდა ყოფილიყო და საცნობი ნიშანი ჰქონოდა, რომელზეც მითითებული იქნებოდა ჯარისკაცის პირადი მონაცემები: სახელი, წოდება, დაბადების და გარდაცვალების თარიღი.
რეგლამენტში არ იყო გაწერილი სამხედრო პატივის მიგების რიგი, მაგრამ ამას უშუალოდ დანაყოფის მეთაური აწესებდა. საბუთის წესების მიხედვით, წითელი არმიის ჯარისკაცის დასაფლავება შეიძლებოდა როგორც ცალკეულ, ისე ძმათა საფლავში. რაც შეეხება ოფიცრებს, მათი ცხედრები წითელი ჯვრის თანამშრომლებისთვის უნდა გადაეცათ, რათა შემდეგში მათი ნათესავებთან ტრანსპორტირება მომხდარიყო. თუკი ამის გაკეთება არ ხერხდებოდა, ოფიცერს ადგილზე ასაფლავებდნენ, მაგრამ მაინც ცალკე საფლავში.
ამ წესების დაცვა ყოველთვის არ გახლდათ შესაძლებელი. ომის დასაწყისში საბჭოთა ჯარისკაცები იძულებული იყვნენ სწრაფი წესით დაეტოვებინათ თავიანთი პოზიციები, ამიტომ დრო არ ჰქონდათ, რომ დაკრძალვის ცერემონიები ჩაეტარებინათ. ყველაზე კარგ შემთხვევაში, დაღუპულებს ბომბის ჩამოვარდნის შედეგად წარმოქმნის ორმოში ასაფლავებდნენ.
გერმანელების წესი განსხვავებული იყო. მაგალითად, ყველა ჯარისკაცს, მიუხედავად მათი წოდებისა და მსახურების ხანგრძლივობისა, სამხედრო პატივის მიგების ყველა წესით ასაფლავებდნენ – ინდივიდუალურ საფლავში; კუბოთი, რომელსაც სამხედრო დროშა ეფარა – დასაფლავების ყველა რიტუალით და მუსიკალური ორკესტრით. დასაფლავების დასრულების შემდეგ საფლავზე დებდნენ ყვავილების თაიგულს წარწერით – „გერმანიის შეიარაღებული ძალები“.
რეალურად, გერმანელები, ისევე როგორც საბჭოთა ჯარისკაცები, მიუხედავად დაკრძალვის სამსახურის მოწესრიგებული მუშაობისა და სამხედრო პედანტურობისა, ვერ ასწრებდნენ ყველა წესის დაცვას. მხოლოდ საწყის ეტაპზე მიჰყვებოდნენ ინსტრუქციას, მაგრამ როდესაც აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება შეიცვალა, მაშინ დაკრძალვის რიტუალიც დაკორექტირდა. დაღუპულებს შეძლებისდაგვარად კრძალავდნენ. თუკი ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა, დაღუპულებისთვის თხრიდნენ ცალკეულ საფლავებს და კუბოში ათავსებდნენ. როდესაც ბრძოლა გაცილებით მძიმე იყო, დაღუპულებს ახვევდნენ ბრეზენტში, პალტოებში და უბრალოდ, ორმოში ასვენებდნენ.
ორმოებში იმდენ ადამიანს ასაფლავებდნენ, რამდენიც იმ ბრძოლაში დაიღუპა ან რამდენიც მასში ეტეოდა.
კომენტარები
კომენტარი