ლაშა ძებისაშვილი: რუსეთმა ყველა ფრონტზე, ყველა მიმართულებით რომ წააგოს, იოლად შეუძლია ჩვენზე იყაროს ჯავრი
“მცდარია მოსაზრება, რომ ახლა მოსკოვს საქართველოსთვის არ სცალია. რუსეთში ჩვენთვის ყოველთვის სცალიათ, იმიტომ, რომ იოლად გადასაყლაპი ლუკმა ვართ. შესაბამისად, რუსეთმა ყველა ფრონტზე, ყველა მიმართულებით რომ წააგოს, იოლად შეუძლია ჩვენზე იყაროს ჯავრი”,- ამის შესახებ პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, თუ რუსეთი დამარცხდა უკრაინაში, მაგრამ პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე ასჯერ გაიზრდება.
“საშობაო ზავის დარღვევა ტიპური რუსული ხასიათის გამოვლინებაა, რუსული პოლიტიკაც ხომ შეთანხმებების დარღვევაზე, საკუთარი მოსახლეობისა თუ დასავლური საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ელიტის მოტყუებაზეა დაფუძნებული. ქართველებს არაერთხელ გვაქვს ეს ნაწვნევი: 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება ერთადერთი არ არის, რომელიც რუსეთმა დაარღვია. 1992-1993 წლებში საქართველომ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად ორი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო: მოსკოვისა და სოჭის. ამ ორიდან ჩვენთვის საბედისწერო ბოლო, 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებული სოჭის ხელშეკრულება გამოდგა. შეთანხმებით დაიმედებული ქართველები შინ დაბრუნდნენ და მერე, რაც მოხდა, ყველამ იცის. ახლაც პუტინის განცხადებას ცეცხლის 36-საათიან შეწყვეტაზე მკვეთრად გამოხატული მიზანი ჰქონდა – დასავლელი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის განწყობის შემოწმება. პუტინის ინიციატივა დადებითად რომ შეეფასებინათ, ის ოდნავ დასწევდა ტემპერატურას ფრონტის ხაზზე, ზავის გაგრძელების სიკეთეზე დაიწყებდა ლაპარაკს და ამასობაში აუცილებლად დაიწყებდა დამატებითი ძალების მობილიზებას, შემდეგ კი გაორმაგებული ძალით გააგრძელებდა შეტევას. როდესაც დაინახა, მის ანკესს არც დასავლეთი წამოეგო და არც უკრაინა, ჩვეულად გააგრძელა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. ფრონტის ხაზზე დღევანდელი რეალობა დიდ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე არა მარტო უკრაინაში, არამედ მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპაში. ახლა რუსეთი საბოლოო, დიდი შეტევისთვის ემზადება. პუტინს უკვე ფარულად აქვს დაწყებული და მალე გამოაცხადებს კიდეც მობილიზაციას. 300 000 ჯარისკაცი საკმარისი არ აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე სიტუაციის რუსეთის სასარგებლოდ შესაცვლელად. მეორე სამობილიზაციო ტალღის მოსამზადებლად ორი-სამი თვე მაინც არის საჭირო. პუტინის გათვლით, მეორე მობილიზაციის შედეგად უკრაინა უნდა დამარცხდეს თუნდაც დონბასსა და ლუგანსკში. ამიტომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის სამხედრო დახმარება. ისევ გრძელდება უკრაინის შეიარაღება და ამ ტემპით გაგრძელება აისახება კიდეც ომის სურათზე, ეს კი, თავის მხრივ, სერიოზულ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე, ასევე კრემლისა და პუტინის რეჟიმის შესუსტებაზე.
მცდარია მოსაზრება, რომ ახლა მოსკოვს საქართველოსთვის არ სცალია. რუსეთში ჩვენთვის ყოველთვის სცალიათ, იმიტომ, რომ იოლად გადასაყლაპი ლუკმა ვართ. შესაბამისად, რუსეთმა ყველა ფრონტზე, ყველა მიმართულებით რომ წააგოს, იოლად შეუძლია ჩვენზე იყაროს ჯავრი. თუ რუსეთი დამარცხდა უკრაინაში, მაგრამ პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე ასჯერ გაიზრდება, პუტინს მარცხის კომპენსაცია დასჭირდება და გამოიხედება როგორც ცენტრალური აზიისკენ, ასევე სამხრეთით. სამხრეთით იმიტომ, რომ მისი პოზიცია საქართველოშიც და სომხეთშიც შერყეულია, გასათვალისწინებელია ყარაბაღში არსებული ვითარებაც. რუსეთი შეეცდება ირანის დახმარებით რეგიონში გავლენის დაბრუნებას, მაგრამ ამას საქართველოზე მყარი კონტროლის დამყარების გარეშე ვერ მოახერხებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთანაც გავირთულეთ ურთიერთობა და არც თავდაცვის გაძლიერებაზე ვიზრუნეთ, ადვილი წარმოსადგენია, რა სწრაფად მოახერხებს რუსეთი თავისი გავლენის გაძლიერებას საქართველოში.
ერთადერთ იმედს სწორედ ის მაძლევს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერება არც თურქეთსა და არც აზერბაიჯანს არ აძლევს ხელს. სხვათა შორის, ბოლო დროს რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ რუსეთში აზერბაიჯანზე თავდასხმის მოწოდებებიც კი გაისმის. იმედია, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოში “რუსულ ჩექმას” არ შემოუშვებენ. დღევანდელი რუსეთი მაგონებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას, როდესაც ის დასავლეთის ფრონტზე გაიჭედა და საბოლოოდ ბელგიაში დამარცხდა დასავლურ კოალიციასთან. ბერლინს მოუწია დამარცხების აღიარებამ, რეპარაციების გადახდამ, კაპიტულაციამ… მაშინდელი გერმანიის ხელისუფლებას ხალხი ომში მხარს უჭერდა, მაგრამ ქვეყანას აღარ ჰქონდა სამხედრო რესურსი. დაახლოებით ასეთი ვითარებაა ახლა რუსეთში. მოსკოვმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გააჩაღა ომი, სამხედრო რესურსი ეწურება, მაგრამ მოსახლეობა მაინც მხარს უჭერს თავის ლიდერს, მხოლოდ მცირე ნაწილი გაურბის ომს. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის მარცხს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება მოჰყვა – შეიცვალა კაიზერის რეჟიმი და მოვიდა ვაიმარის ხელისუფლება.
ანალოგიური ვითარება იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთშიც – დასავლეთის ფრონტზე მარცხის შემდეგ ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ და დაიწყეს “დიადი რუსეთის” აღორძინება, ისევე როგორც კაიზერის მარცხის შემდეგ გერმანიაში მოვიდა რევანშისტული ძალა ფაშისტური, ნეონაცისტური იდეებით. იგივე ტენდენციაა რუსეთშიც. არა მგონია, პუტინი უფრო ლიბერალურმა, დემოკრატიულმა ძალამ შეცვალოს. დარწმუნებული ვარ, უფრო ფაშისტური, გასამხედროებული და რევანშისტული ძალა მოვა, რომელიც, ადრე თუ გვიან, დაიწყებს იმ მიზნის მისაღწევად ბრძოლას, რომელსაც პუტინმა ვერ მიაღწია. ჩვენთვის ხელსაყრელია რუსეთში შიდა კოლაფსი – რეჟიმმა უნდა დაიწყოს ბრძოლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამას მოჰყვეს შიდა ძალების დაპირისპირება. აი, ასეთ დროს რუსეთი ვერ მოიცლის ჩვენთვის. ამ პერიოდში უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების გამყარება დასავლეთთან და თავდაცვის გაძლიერება”,- განაცხადა ძებისაშვილმა.