წმინდანად შერაცხული მღვდელი, რომელიც მრავალშვილიანი ებრაელის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში
თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 13 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა) მღვდლის, რომანოზ ფერაძის ოჯახში. დედა – მარიამ სამადაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი იყო.
1913 წელს გრიგოლმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, 5 წლის შემდეგ–სასულიერო სემინარია. 1918 წ. კი სწავლა განაგრძო ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ეს იყო უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში. ორ ძმასთან ერთად გრიგოლ ფერაძე იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ მას დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფ. მანავში გააგზავნა მასწავლებლად.
1921 წელს გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე, სადაც გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოებას წარმოადგენდა, გადაწყდა მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის საკითხი.
გერმანიაში გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა. მოკლე ხანში მან შეისწავლა 16 ენა.
1931 წლის 18 აპრილს სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი, ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. აქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო შემდეგ გაგზვნეს პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახ. ქართულ ეკლესიაში, სადაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაუღალავად მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გამოიცემოდა ჟურნალი “ჯვარი ვაზისა”.
რამდენიმე ხნის შემდეგ გროგოლ ფერაძე მიიწვიეს პოლონეთში, ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. მან უდიდესი შრომა გასწია სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცულ ქართული ხელნაწერების მოძიება–შესწავლის საქმეში. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში ქართული განძის გადარჩენაში გრიგოლ ფერაძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
II მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლი ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ებრაელებს, რისთვისაც იგი შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლმა თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში.
1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხა.