კიოში იამაშიტა – იაპონელი „ვან გოგის“ ისტორია
იაპონიაში, ალბათ, ნებისმიერმა იცის კიოში იამაშიტას ისტორია, რომელსაც სამშობლოში იაპონელ ვან გოგს უწოდებენ. კიოში იამაშიტა 1922 წლის 10 მარტს დაიბადა ტოკიოში. სამი წლის ასაკში კიოში ავად გახდა, მდგომარეობა დამძიმდა და მას გონებრივი სისუსტე დაუტოვა. როგორც ცნობილია, ტრავმამ მასში ეიდეტური მეხსიერება გააღვიძა. ზოგიერთი მეცნიერი თვლიდა, რომ ის სავანტი-აუტისტი იყო.
დაწყებით სკოლაში მას აბულინგებდნენ მეტყველების დარღვევის გამო. ერთხელ ჩაგვრის საპასუხოდ კიოშიმ თანატოლი დანითაც დაჭრა, რის შემდეგაც დედამ ის 1934 წელს იაჰატას ინსტიტუტს გადასცა, რომელიც ამასთანავე მოხუცთა თავშესაფარი იყო.
კიოშიმ ზუსტად მანდ დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება და ქაღალდისგან ნამუშევრების შექმნა. მისი ნიჭი შეამჩნია რიუზაბურო შიკიბამ, რომელმაც ოსაკაში მისი პირველი გამოფენა მოაწყო.
1940 წელს იამაშიტას 18 წელი შეუსრულდა. იაპონია მაშინ საომარ მდგომარეობაში იყო. ვინაიდან მას საომრად წასვლა არ უნდოდა, გადაწყვიტა, რომ ემოგზაურა და შეექმნა ნახატები იმის მიხედვით, თუ რას დაინახავდა.
3 წლის შემდეგ იაჰატას ინსტიტუტის თანამშრომლებმა ბიჭი რესტორანში იპოვეს, სადაც ის მუშაობდა. მათ კიოშის დააძალეს სამედიცინო შემოწმების გავლა. დასკვნის შედეგად, ჯარისთვის უვარგისად გამოაცხადეს. მან მოგზაურობა განაგრძო, რაც, დაახლოებით, 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
მოგონებები მოგზაურობის შესახებ „მოგზაურობის დღიურს“ უდევს საფუძვლად, რომელიც ხელოვანის ცხოვრებას აღწერს. ამ პერიოდშია გადაღებული მისი ყველაზე ცნობილი სურათი, სადაც ის ზაფხულის კიმონო-იუკატეშია გამოწყობილი, ზურგჩანთით, ფერადი ქაღალდებით და ფიალით ბრინჯისთვის. ზუსტად ასე მოგზაურობდა და გამუდმებით ეკითხებოდა გამვლელებს, როგორ მისულიყო „ტოკიოს გენერლამდე“ ან „ოაკას გენერალ-ლეიტენანტამდე“… ის ქალაქებს სამხედრო წოდებას ანიჭებდა, ზუსტად ასეთი კვალი დატოვა მასზე ომმა.
კიოშის ძირითადი სტილი იყო – Chigiri-e, სტილი რომელშიც ხელით ნაგლეჯი ქაღალდებისა და წებოსგან ქმნიან პეიზაჟის სურათებს. ხშირ შემთხვევაში, სტილი ერწყმოდა კალიგრაფიას. მისი სხვა სახეობა kiri-e, სადაც გამოყენებული იყო მოჭრილი ქაღალდი. ზუსტად Chigiri-e-ს სტილში იყო შექმნილი ორი მისი ყველაზე ცნობილი სურათი.
მოგზაურობის შემდეგ, 1954 წელს მას შესაძლებლობა ჰქონდა, მენტალური დარღვევების მქონე ბავშვებისთვის ესწავლებინა ხელოვნება. ამ გაკვეთილების დროს ის სულ ეუბნებოდა ბავშვებს: „არასდროს ჩათვალოთ თავი ვინმეზე უარესად, ირწმუნეთ საკუთარი თავის და გახდებით გენერლები“.
1956 წელს ტოკიოში კიოშის ნამუშევრების ექსპოზიცია გაიხსნა, რომელიც ქვეყანაში მოგზაურობდა. მისი ნამუშევრები 500 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა მაშინ, რამაც ნამდვილი პოპულარობა მოუტანა. თუმცა, თავად მხატვარი სულ მაწანწალასავით დადიოდა, გამუდმებით გაურბოდა დაცვის თანამშრომლებს, რომელსაც მას სახელმწიფო უწესებდა.
1961 წლის ივნისში ის და ფსიქიატრი შიკიბა 40-დღიან ტურნეში გაემგზავრნენ ევროპაში, რაც მისთვის მომდევნო წლებში შთაგონების წყარო გახდა.
1971 წლის 12 ივნისს კიოში იამაშიტა 49 წლის ასაკში ინსულტისგან გარდაიცვალა და მსოფლიოს ძალიან ბევრი ნამუშევარი დაუტოვა.
სპეციალისტები დღემდე დაობენ იმის შესახებ, იყო თუ არა „იაპონელი ვან გოგი“ სავანტი-აუტისტი. ფსიქიატრი შიკაბა მასზე ასე ამბობდა: „იდიოტი-გენიოსი – ამოცანა და გამოწვევა მეცნიერებისთვის“.