ჯინი უაილის ისტორია – ველური გოგონა, რომელმაც მამის ტყვეობაში 13 წელი გაატარა

სწორედ სოციალური გარემო გვაძლევს, ერთი შეხედვით, ისეთ პრიმიტიულ ჩვევებს, როგორიცაა ჩვენი აზრების გამოხატვის, კარგის ცუდისგან გარჩევის ან ჩვენს მსგავსთან ურთიერთობის უნარი. აქედან იწყება ბავშვობა და თითოეული ჩვენგანის გზა.

თუმცა, სამწუხარო ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, ეხება ადამიანს, რომელიც ერთ დროს მოკლებული იყო ასეთ ფუფუნებას. უფრო მეტიც, ეს შემთხვევა თანამედროვე ისტორიაში განიხილება, როგორც ბავშვზე ძალადობის ყველაზე გახმაურებული და შემაძრწუნებელი მაგალითი.

ჯინი ბოთლიდან

1970 წლის 4 ნოემბერს, ქალმა, სახელად ირენ უაილმა, მიმართა სოციალური მომსახურების დეპარტამენტს ტემპლ სიტიში, კალიფორნიაში. ქალი, პრაქტიკულად, ორივე თვალით ბრმა იყო და მისი თქმით, ქალიშვილს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ირენის ქალიშვილმა, რომელიც იმ მომენტში იქვე იმყოფებოდა, მართლაც საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. გოგონა უცნაურად მოძრაობდა, გაჭირვებით ადგამდა ფეხებს და ხელები მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი. სიტყვას ვერ წარმოთქვამდა, ასევე ნერწყვდენას ვერ აკონტროლებდა – ბავშვის მთელი ტანსაცმელი ნერწყვით იყო გაჟღენთილი.

ბავშვი, როგორც ჩანს, ძლივს აცნობიერებდა სად იყო, შიშსა და აგრესიას გამოხატავდა მთელი თავისი გარეგნობით. გოგონა ყოველ ჯერზე, როცა მის შეხებას ცდილობდნენ, ღრიალებდა და იფურთხებოდა. ის ექვსი თუ შვიდი წლის გეგონებოდა, მაგრამ დედამ თქვა, რომ ამ წლის აპრილში მისი ქალიშვილი ცამეტი წლის გახდა.

უცნაურ წყვილს არანაირი საბუთი არ გააჩნდა. ქალი თავს არიდებდა ნებისმიერ შეკითხვას და საკუთარ ჩვენებაში დაბნეული იყო. თითქმის მაშინვე დეპარტამენტის თანამშრომელი დაუკავშირდა ლოს-ანჯელესის ოლქის პოლიციას. იმავე დღეს 13 წლის „ველურის“ ამბავმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

გოგონას ნამდვილი სახელი დღემდე  უცნობია. მეცნიერებმა და ექიმებმა, რომლებიც შემდგომში მასთან მუშაობდნენ, სახელად ჯინი დაარქვეს  – გოგონა შეადარეს ჯინს ბოთლიდან, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა ხალხში.

უაილის ოჯახის ისტორია

ჯინი უაილი დაიბადა დოროთი აირინ ოგლსბისა და კლარკ გრეი უაილის ოჯახში. ის მეოთხე შვილი იყო. ამ ოჯახის ორი უფროსი შვილი სამწუხარო ვითარებაში გარდაიცვალა. პირველი შვილი, ფაქტობრივად, მამის მხრიდან ძალადობის პირველი მსხვერპლი იყო. ბავშვმა მამა ტირილით გააღიზიანა, უაილი კი ხმაურს ვერ იტანდა. მან ბავშვი ავტოფარეხში, მაგიდის  უჯრაში დიდი ხნით ჩაკეტა. ამის შემდეგ უაილის ოჯახის პირველი შვილი პნევმონიით გარდაიცვალა.

მათი მეორე შვილიც ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა. ბავშვი საკუთარი ნეწყვით დაიხრჩო. კლარკ უაილი ყოველთვის ცხარე და სასტიკი ადამიანი იყო,  თავისი უცნაურობებით. თუმცა, ავტოკატასტროფაში მოხუცი დედის გარდაცვალების შემდეგ, უაილის სახლში ატმოსფერო შეიცვალა. შეძრწუნებულმა კლარკმა თავის ოჯახს არ მისცა უფლება, დაბალი ხმით ესაუბრათ. მისი ცოლი, ირინე და ვაჟი, ჯონი, მხოლოდ ჩურჩულებდნენ ერთმანეთთან საუბრისას.

სახლში არ იყო ტელევიზორი ან რადიო, რათა თავიდან აეცილებინათ ზედმეტი ხმაური. ხშირად მამა ჯავრს იყრიდა შვილზე, არ ერიდებოდა ძალადობას. მალე ბიჭი სახლიდან გაიქცა. მას შემდეგ ის აღარ დაბრუნებულა მშობლიურ ქალაქში. უაილის ოჯახში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, არცერთ მათ მეზობელს არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ჯონის გარდა, აირინი და კლარკი კიდევ ერთ შვილს ზრდიდნენ. სწორედ ეს იყო ჯინი.

ის დაიბადა 1957 წლის 18 აპრილს. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გასინჯა პედიატრმა, ჯინი ჯანმრთელი გოგონა იზრდებოდა, თუმცა რაღაც მომენტში ექიმმა შენიშნა, რომ, სავარაუდოდ, დაგვიანებული განვითარების სიმპტომები ჰქონდა. ამის შესწავლის შემდეგ კლარკ უაილიმ გადაწყვიტა, დაეცვა ქალიშვილი დედასთან  და ძმასთან კომუნიკაციისგან და საშიშ მეთოდებს მიმართა.

მამამ გოგონა თავისი სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში გამოკეტა. დღისით საბავშვო სკამზე მიაბა, რომ ჯინი არ ამდგარიყო და ოთახში არ ემოძრავა. ღამით კლარკმა ის მავთულისგან დამზადებულ ვოლიერში ჩაკეტა. ამავდროულად, უაილი  გოგონასთან კონტაქტს არა ადამიანური მეტყველების გამოყენებით, არამედ, ძაღლის მსგავსად, ყეფისა და ღმუილის გამოყენებით ამყარებდა. იმ შემთხვევაში, თუ ჯინი ცდილობდა ყვირილს ან ზოგადად, ხმის ამოღებას, მამამ მას სასტიკად სცემდა.

ასეთ პირობებში გოგონამ 10 წელზე მეტი გაატარა – გიჟი მამის გარდა, არც ერთი ადამიანი არ გაუცნია, ​​არც ლაპარაკი უსწავლია, არც მზის შუქი უნახავს. იგი არ იყო მიჩვეული საპირფარეშოს, არ შეეძლო მყარი საკვების ღეჭვა ან დანა-ჩანგლის გამოყენება – მთელი ამ ხნის განმავლობაში, უაილი თავის ქალიშვილს მხოლოდ ჩვილის თხევადი საკვებით კვებავდა.

როგორც ჩანს, მამას იმედი ჰქონდა, რომ მისი ქალიშვილი, რომელსაც გონებრივად ჩამორჩენილად თვლიდა, ასეთ პირობებში დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მან თავის მეუღლეს, რომელსაც ორივე თვალში კატარაქტა აწუხებდა და სახლიდან პრაქტიკულად არ გადიოდა, ყველანაირი მოქმედება აუკრძალა. თუმცა, კლარკი ცოლს დაჰპირდა, რომ ქალიშვილის ექიმთან წაყვანის ნებას მისცემდა, როცა ის 12 წლის იქნებოდა. უაილიმ პირობა არ შეასრულა და ერთი წლის შემდეგ, როცა ჯინი ცამეტი წლის გახდა, აირინმა ქალიშვილი წაიყვანა და ქმარიც მიატოვა.

გათავისუფლება და რეაბილიტაცია

პოლიციის გამოძახების შემდეგ მთელი დანაყოფი გაგზავნეს უაილის სახლში. სერჟანტი ფრენკ ლინლი, რომელიც ოპერაციაში მონაწილეობდა, იხსენებს:

„იმ სახლში ბნელოდა. ყველა ფარდა იყო ჩამოფარებული. არც სათამაშოები იყო, არც გაფანტული ტანსაცმელი, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ სახლში ბავშვები ცხოვრობდნენ. ჯინის ოთახში გარედან სინათლე თითქმის არ შემოდიოდა, მის ოთახში ხელოვნური განათება იყო. თუმცა, ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მისი ოთახის მთელი დეკორაცია შედგებოდა მხოლოდ იმპროვიზებული გალიისა და სკამისგან, რომელთა სახელურებზე იყო მიმაგრებული რაღაც ქამრები და შესაკრავები“.

პოლიციის ვიზიტის შემდეგ ორივე მშობელს ბრალი წაუყენეს, ბავშვზე ძალადობის გამო. როდესაც კლარკმა ამის შესახებ შეიტყო, მან  თავი მოიკლა და წერილი დატოვა, რომელიც  ერთი ფრაზისგან შედგებოდა:

„მსოფლიო ვერასოდეს გაიგებს“.

ჯინის შინა პატიმრობიდან გათავისუფლებას რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვა.

ჯინის ამბავმა ისეთი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, რომ მთავრობამ დააფინანსა ექიმებისა და მეცნიერების დიდი შტაბი, რომლებიც მზად იყვნენ, გოგონას საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესში დახმარებოდნენ. ჯინის მხედველობის პრობლემებს აწუხებდა – მან ვერ შეძლო თვალების ფოკუსირება ოთახის პერიმეტრზე, დიდ მანძილზე.

ასევე, გოგონას პრობლემები ჰქონდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, საჭმლის მონელების, ყბის, რა თქმა უნდა, მეტყველების უნართან დაკავშირებით. ექიმებმა ვერ დაადგინეს, იყო თუ არა ჯინი მართლაც გონებრივად ჩამორჩენილი – ენცეფალოგრამები მიუთითებდნენ ტვინის დისფუნქციაზე, მაგრამ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ეს თანდაყოლილი. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსების დროს ცამეტი წლის ჯინის ინტელექტი შეესაბამებოდა ერთი წლის ბავშვის გონებრივი განვითარების დონეს. თუმცა, მალე გოგონამ ვარჯიშში კარგი შედეგების ჩვენება დაიწყო. რამდენიმე სიტყვას ითვისებდა, მაგრამ, რაც ყველაზე საშინელია, ჯინის პირველი სიტყვები იყო: „საკმარისია“ და „არ არის საჭირო“.

მოგვიანებით, ჯენიმ  საკუთარი სურვილების გამოხატვა მარტივი ფრაზებით ისწავლა, მაგრამ სიტყვების წინადადებებად გაერთიანების გარეშე, კავშირებისა და მეტყველების სხვა დამხმარე ნაწილების გამოყენების გარეშე. იმისდა მიუხედავად, რომ ჯინი ვერ დაეუფლა ინგლისური ენის გრამატიკას, შინა პატიმრობიდან გათავისუფლების რამდენიმე წლის შემდეგ მან შეძლო შშმ ბავშვების სკოლაში წასვლა. მასწავლებლებმა ჯინი დაახასიათეს, როგორც კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე გოგონა, რომელიც თავისუფლად ფლობს არავერბალურ კომუნიკაციას – მან საკმაოდ მოკლე დროში ისწავლა ჟესტების ენა.

1975 წელს, მაშინ, როდესაც ჯინის 18 წელი შეუსრულდა, კვლევა შეწყდა, ხოლო ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა პროექტის დაფინანსება შეწყვიტა.

თავდაპირველად ჯინზე მეურვეობა ფსიქოლოგმა, დევიდ რიგლერმა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ დაახლოებით იმავე დროს შეწყდა დაფინანსებაც და მისმა ოჯახმა უარი თქვა მეურვეობაზე. შემდეგ ჯინმა რამდენიმე სხვა ოჯახში მოასწრო ცხოვრება, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მისი მდგომარეობა რეგრესისკენ წავიდა.

შედეგად ჯინი მოათავსეს სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც შშმ პირები იმყოფებოდნენ და მისი ადგილმდებარეობა არ იყო ცნობილი. საინტერესო ისაა, რომ ჯინის დედამ, აირინ უაილმა გოგონაზე  მეურვეობა მოითხოვა, მაგრამ, ცხადია, უარი მიიღო.

დღესდღეობით, როგორც ცნობილია, ჯინი სპეციალიზებულ კერძო დაწესებულებაში ცხოვრობს კალიფორნიაში. ის 60-ზე მეტი წლისაა, არაფერს საჭიროებს, მაგრამ მან მაინც ვერ მოახერხა ინგლისური ენის სწავლა – დღემდე ჟესტების გამოყენებით ურთიერთობს. ჯინის ძმა ჯონი ხელოსანი გახდა. მან ცოლი მოიყვანა და ეყოლა ქალიშვილი პამელა. პამელას ორი ქალიშვილი ჰყავს. 2008 წელს ჯონმა ინტერვიუ მისცა ABC News-ს, სადაც ბავშვობას იხსენებდა:

„ჩემი სახლი საკონცენტრაციო ბანაკივით იყო. მე არ ვიცოდი, რა იყო ნორმალური ცხოვრება“.

2011 წელს ის დიაბეტის გამო დაიღუპა. მისი დედა, აირინი, ჯერ კიდევ 2003 წელს დაიღუპა.

ჯინის შესახებ რამდენიმე ფილმი გადაიღეს და დაიწერა წიგნი.

ჯინი დედასთან ერთად

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები