ისააკის და როუზის ამბავი – ნიუ-ორლეანის მონა ბავშვები

ბიჭმა და გოგომ კამერას შეხედეს. ისინი საკმარისად დიდები იყვნენ იმისთვის, რომ გაეგოთ დაკისრებული დავალება: დამდგარიყვნენ უძრავად, ხელჩაკიდებული და მზერა მათ წინ არსებულ მოწყობილობაზე გადაეტანათ. ისააკი რვა წლის იყო, როუზი კი – ექვსის…

როგორ აღმოჩნდა ორი მონა-ბავშვი ბროდვეის ფოტოსტუდიაში 1863 წელს? ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. ახლა კი საკმარისია იცოდეთ, რომ ორივე ბავშვი, რომელსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ, ნიუ-ორლეანის მონათმფლობელების საკუთრებაში იყვნენ, სანამ მათი ფოტოები cartes-de-visite-ზე დაიბეჭდებოდა და გასაყიდად გამოიტანდნენ.

Harper’s Weekly-ში 1864 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ისააკის და როუზის მოკლე ბიოგრაფიები შემდეგნაირად ჟღერდა:

„ისააკ უაიტი რვა წლის შავკანიანი ბიჭია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი თეთრკანიანი თანატოლები. დაახლოებით, შვიდი თვე სწავლობდა სკოლაში და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში, ორმოცდაათიდან ვერც ერთი ბიჭი ვერ მიაღწევდა ასეთ მნიშვნელოვან პროგრესს.“

„როსინა დაუნსი ჯერ შვიდი წლისაც არ არის. ის ქერა გოგონაა, ღია ფერის სახით და აბრეშუმისებრი თმით. მისი მამა აჯანყებულთა ჯარშია. ჰყავს ერთი და, თავისნაირი თეთრი და სამი ძმა, რომლებიც უფრო მუქი ფერის არიან. დედამისი ჭკვიანი, მულატი ქალია, ცხოვრობს ნიუ-ორლეანში, ღარიბ ქოხში და ბევრს მუშაობს ოჯახის გამოსაკვებად“.

ამ პორტრეტის გაყიდვისას მიღებული შემოსავალი გამოიყენებოდა სამხრეთ ლუიზიანაში ყოფილი მონების ახლად დაარსებული სკოლების დასაფინანსებლად. ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, დაღუპულთა რიცხვი და უკმაყოფილება იზრდებოდა. ისააკის და როუზის პორტრეტი, როგორც მომხიბვლელი, ისე პროვოკაციულიც აღმოჩნდა. ისინი არაჩვეულებრივი წყვილი იქნებოდნენ – შავკანიან ბიჭი და თეთრი გოგონა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში ბევრი რასობრივი ტაბუ არსებობდა, თეთრკანიანი გოგონა ხელჩაკიდებული შავკანიან ბიჭთან, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო. მიუხედავად მცირე ასაკისა, ისინი სოციალურ ღონისძიებაზე ნამდვილი ჯენტლმენივითა და ქალბატონივით პოზირებდნენ. თუმცა, ფოტოგრაფიის მთავარი მიზანი იმის წარმოდგენა გახლდათ, თუ როგორი მოზარდები გახდებოდნენ ისინი. ეს პორტრეტი, პირველყოვლისა, მომავლის სურათი იყო. უფრო სწორად, ბევრი სხვადასხვა მომავლისა, რომელიც მაშინ, 1863 წელს ჩანდა.

ორივე ბავშვი მონობაში დაიბადა სამხრეთში, გაათავისუფლა მოკავშირეთა არმიამ 1863 წელს და რამდენიმე სხვა ბავშვთან და ზრდასრულთან ერთად გაგზავნა ჩრდილოეთით სამოგზაუროდ. სამი ბავშვი, მათ შორის, როუზი, თეთრკანიანი აღმოჩნდა, რაც მაშინ მონობის სასტიკი სისტემის მოწმობაა, რომელიც თეთრკანიანი მამაკაცების მიერ მონების სექსუალურ ექსპლუატაციას უწყობდა ხელს.  „თეთრ“ ბავშვებს, ყოფილ მონებს სპეციალურად უღებდნენ ფოტოებს, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა სამხრეთის შტატებში ყოფილი მონების განათლებას მოხმარდა.

1863 წლის 1-ელ იანვარს პრეზიდენტმა, აბრაამ ლინკოლნმა  ემანსიპაცია გამოაცხადა, რომელიც ათავისუფლებდა ყველა დამონებულ ადამიანს კონფედერაციის კონტროლირებად ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მან მყისიერად არ გაათავისუფლა ყველა დამონებული ადამიანი, ცხადყო, რომ მონობის გაუქმება სამოქალაქო ომის შედეგი იქნებოდა. პროკლამაციის ხელმოწერის შემდეგ ჩრდილოეთში ომი სულ უფრო არაპოპულარული გახდა.

ისეთი ბავშვების განათლება, როგორებიც ისააკი და როუზი იყვნენ, მონობის შედეგებს აღმოფხვრიდა და მათგან შრომისმოყვარე ახალგაზრდა ადამიანებს შექმნიდა, რომლებიც თავისუფალი ბაზრის მომხმარებლები გახდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები