საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა

  საქართველოს 19 იანვარს ვიზიტით ეწვევა აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა, ასევე შეერთებული შტატების სენატის სხვადასხვა კომიტეტების წამყვანი თანამშრომლებისა და მრჩევლებისგან შემდგარი სამი დელეგაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციაში, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს, შედიან: სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები. თბილისში ყოფნისას აღნიშნული დელეგაციები სამუშაო შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ.
კერძოდ, დაგეგმილია აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელთან, პარლამენტის წევრებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეები მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, საუბარი შეეხება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები