26 თებერვალი აკაკი შანიძის დაბადების დღეა

26 თებერვალი აკაკი  შანიძის დაბადების დღეა  (1887 წელი, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა). 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი.
აკაკი შანიძე იყო:ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი (1918).
1918-1930 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, შემდეგ –  ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას.
შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული ენის გრამატიკა”, რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი „ძველი ქართული ენის გრამატიკა”, რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის” ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა „ქართული ხალხური პოეზია – ხევსურული” (1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.
1987 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მეცნიერულად დადგენისათვის.
იყო: თბილისის საპატიო მოქალაქე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
აკაკი შანიძე გარდაიცვალა 1987 წელს.  დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები