ვინ იყო ივანე ჯაბადარი, რომელმაც საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა

ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი დაიბადა 1852 წლის 28 დეკემბერს თბილისის მაზრის სოფელ საგარეჯოში, ხელმოკლე აზნაურის ოჯახში.

1872 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია (1866-1872). სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საიდუმლო რევოლუციური წრის საქმიანობაში.

1872-1873 წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. 1974 წლის მაისში სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობისათვის მეორე კურსიდან გარიცხეს.

ივანე ჯაბადარი, როგორც ხალხოსანი, გატაცებული იყო ბაკუნინის იდეებით. იგი ემხრობოდა სახალხო ხელისუფლების პრინციპს და სახელმწიფო ძალაუფლების ყოველგვარი დაპყრობის წინააღმდეგი იყო.

1874 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ (ჟენევა, პარიზი). შვეიცარიაში ყოფნისას დაუახლოვდა კავკასიელთა ლიტერატურულ-რევოლუციური საზოგადოება „უღელის“ ხალხოსან წრეებს და აქტიური მონაწილეობა მიიღო საზოგადოების გაფართოებულ კონგრესში, რომელიც 1874 წლის აგვისტოში გაიმართა ჟენევაში.

კონგრესის მონაწილეთა უმრავლესობამ რუსეთიდან კავკასიის გამოყოფა და საკუთარი ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა მოითხოვა. ამ თვალსაზრისის წინააღმდეგ გამოვიდნენ „კავკასიელთა რევოლუციურ-ხალხოსნური წრის“ წევრები – ივანე ჯაბადარი, მ. ჩიკოიძე და სხვები.

ივანე ჯაბადარმა თავის სიტყვაში ჩამოაყალიბა ქართველი რევოლუციონერი ხალხოსნების ეროვნული პროგრამა. მისი აზრით, კავკასიელებს ფედერაციის ნაცვლად, რუს ხალხოსნებთან ერთად უნდა ებრძოლათ გლეხური სოციალიზმის გამარჯვებისთვის.

რუსეთში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას მოსკოვის მუშებში. იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი “სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციონერთა ორგანიზაციისა” და მისი წესდების ავტორი (1975, თებერვალი).

1875 წლის 4 აპრილს დააპატიმრეს. 1877 წლის თებერვალ-მარტში ეგრეთ წოდებულ “ორმოცდაათის პროცესის” მონაწილეებთან ერთად გაასამართლეს. მიუსაჯეს 5 წლით კატორღა და სასჯელის მოხდის შემდეგ ციმბირის ერთ-ერთ შორეულ გუბერნიაში გადასახლება.

1882 წელს, საკატორღო ვადის გასვლის შემდეგ გადაყვანილ იქნა თავისუფალ გადასახლებულთა კატეგორიაში და საცხოვრებლად მიუჩინეს ირკუტსკის გუბერნიის ქ. კირეენსკი.

1885 წლის 14 დეკემბერს მასზე გავრცელდა ხელმწიფის 1883 წლის 15 მაისის მანიფესტი და ნება დაერთო მიწერილიყო ტომსკის გუბერნიის ერთ-ერთ გლეხთა საზოგადოებაზე.

1888 წელს ივანე ჯაბადარმა თხოვნით მიმართა პოლიციის დეპარტამენტს რათა მეუღლესთან, ოლღა ლიუბატოვიჩთან ერთად, მისთვის თავისუფლად ცხოვრების უფლება მიეცათ იმპერიის სხვა გუბერნიებშიც.

1888 წლის 16 ნოემბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და იმპერიის ნებისმიერ ადგილას ცხოვრების უფლება მისცეს, გარდა სატახტო და საგუბერნიო ქალაქებისა. ამასთან ერთად, მას კვლავ აღუდგინეს აზნაურის წოდება.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1880-იანი წლების ბოლოს ივანე ჯაბადარი თბილისში დაბრუნდა და საადვოკატო საქმიანობას მიჰყო ხელი. პარალელურად პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ჯერ „ივერიაში“ თანამშრომლობდა, მაგრამ მის პოზიციას ვერ შეეგუა და მალე ჩამოსცილდა. თანაუგრძობდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას.

1889 წელს პეტერბურგში ჟურნალ “სევერნი ვესტნიკში” “ნ. დ-ს” ფსევდონიმით დაბეჭდა წერილი, რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა. 1905 წლის მარტში თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე მიხეილ მაჩაბელთან და ექიმ გაბაშვილთან ერთად (ქართულ პრესაში ირონიით „სამებად“ მოიხსენიებდნენ) მხარი არ დაუჭირა საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა მეთაურობით, გამოააშკარავა ივანე ჯაბადარის ნიჰილიზმი და მისი წერილის სრული უსაფუძვლობა.

ივანე ჯაბადარი მთელი ცხოვრების მანძილზე პოლიტიკურად არასაიმედოდ ითვლებოდა და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მუშაობდა თბილისის საბჭოს ხმოსნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები