როსტომ ჩხეიძე: უკრაინის გამარჯვება კაცობრიობას ახალ გზებზე გაიყვანს, სასიკეთო, ღირსეულ, ბუნებრივ გზებზე
“უკრაინის მიწა-წყალზე არსებითად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს არა მხოლოდ ორი ქვეყნის ბედი, არამედ სამყაროს ახალი წესრიგი შემოგვთავაზოს”, – ამის შესახებ მეცნიერი და მწერალი როსტომ ჩხეიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება კაცობრიობას ახალ – სასიკეთო, ღირსეულ, ბუნებრივ გზებზე გაიყვანს.
“გარდაუვალი ცვლილებების დროა, საამისოდ კი არამცთუ სიტყვაა აუცილებელი, ზარების რეკვაც უნდა შემოეშველოს და გაამძაფროს სიტყვის ზემოქმედება, თორემ დრო აღარ გვაცდის და ვაითუ სიმწრით ნაგები ქვეყანა ხელში ჩაგვეფშხვნას. და მერე ერთმანეთსაც რომ ვაბრალოთ, რაღა ხეირი, საუკუნის წინათ ემიგრაციაში გადახვეწილი მთავრობა და პოლიტიკოსები ერთიმეორეს რომ ძრახავდნენ, არა ასე ჯობდა ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა და არა ასეო; და ერთმანეთის ძრახვაში აღმოხდათ სული. ასე რომ: ახლა დუმილი დანაშაულიას თქმას მაინც მოვერიდები და ვიტყვი რომ გაუმართლებელია…. უკრაინის მიწა-წყალზე არსებითად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს არა მხოლოდ ორი ქვეყნის ბედი, არამედ სამყაროს ახალი წესრიგი შემოგვთავაზოს.
უკრაინის გამარჯვება კაცობრიობას ახალ გზებზე გაიყვანს, სასიკეთო, ღირსეულ, ბუნებრივ გზებზე, რუსეთის წარმატებას კი – რასაც უკვე ვეღარ ეღირსებიან – მოჰყვებოდა მსოფლიოს ჩაძირვა ჭაობში, საიდან თავდაღწევასაც დიდი დრო დასჭირდებოდა. და რაკიღა უკრაინელთა ჰეროიკამ უნდა გადაწყვიტოს მსოფლიოს ბედი, საქართველოსაც გადმოსწვდება ეს მადლი და მშვიდობიანი გზით აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც და აღდგენილ სახელმწიფოში ყველა ხალხს მიეცემა ბუნებრივად ცხოვრების საშუალება და მათი თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის განვითარებას ოდნავაც არაფერი დაემუქრება. ამიტომაც ის ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინელთა მხარდამხარ იბრძვიან, იარაღით ხელში იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც. და მათგან ვინც დაიღუპა ამ სასტიკ ბრძოლებში, ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეეწირა. რუსეთის იმპერიული მისწრაფებანი, ადრე თუ გვიან, უსათუოდ აღიკვეთებოდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრამ მათდა უნებურად დააჩქარა იმპერიის კატასტროფა და არა შორეულ მომავალში, არამედ მალევე ვიხილავთ დამხობილ იმპერიას, რუსეთის ფედერაცია ისევე რომ დაიშლება, როგორც სამი ათეული წლის წინათ საბჭოთა იმპერიამ დაღაფა სული. და სამყარო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამოვა ისეთი, რომ: ვიხილავთ ახალ მიწასა და ახალ ზეცას.
მთავარია დიდი და პატარა სახელმწიფოებრივად ვაზროვნებდეთ – ჩვენ-ჩვენი უნარის შესაბამისად, მაგრამ სახელმწიფოებრივი იდეალი მიგვიძღოდეს წინ და ისე ვიცხოვროთ, თითქოს თვითეული დღე ჩვენთვის უკანასკნელი იყოს და რაც შეიძლება მეტის მოსწრება გვევალებოდეს წინაპართაგანაც და შთამომავალთაგანაც. და გვყავდეს ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ხელისუფლება… ყველა ჩვენი პრობლემის თავიდათავი სწორედაც განათლების სისტემის მოუგვარებლობაშია. ისეთ მძიმე დღეშია, მკვეთრი გარდაქმნა ესაჭიროება, თორემ პატარ-პატარა სასიკეთო ჩარევები სრულიად არ შეეტყობა. თანაც ცალკე განათლების სისტემა ვერ გამოირჩევა, მთელი მმართველობა უნდა გარდაიქმნას, რაკიღა ყველა სფერო ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთიმეორეს განსაზღვრავს, თორემ წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ის ხავსი განა როდემდე გაუძლებს?!
მწერლობა სხვა არაფერია, თუ არა ხალხის გვერდით დგომა, ხელისუფლება კი – თვით ყველაზე ჰუმანურიც და კეთილშობილიც – მეტ-ნაკლებად დაშორებულია ხალხს, ასე რომ, თუ მწერალი ხარ, გინდა-არ გინდა, მთავრობასთან ყოველთვის ოპოზიციაში აღმოჩნდები. ჯონ სტაინბეკი რომ იმყოფებოდა საქართველოში, ნობელიანტთაგანაც ერთ-ერთი რჩეული, მწერალთა სასახლეში მიიწვევდნენ და სხვა კითხვებთან ერთად ამითაც დაინტერესდებოდნენ: როგორია მწერლისა და ხელისუფლების ურთიერთობა ამერიკაშიო? და გაიოცებდა “მრისხანების მტევნების” შემოქმედი: ეს რა შეკითხვაა, ამერიკაშიც ისეთივეა, როგორიც ყველა ქვეყანაში უნდა იყოს – მწერალი ოპოზიციაშია ხელისუფლებასთანო, ხოლო ვინც ხელისუფლებასთან დაახლოების გზებს ეძიებს, ისინი პარტიული პროპაგანდისტები არიან და არა მწერლები, ალამაზებენ და აყალბებენ რეალობას, ნაცვლად ხალხის ნამდვილი ტკივილების, სადარდებლის, საფიქრალის გამოხატვისა. ტრადიციად გვექცა, ორპოლუსიანობასა და გახლეჩილობას თვით ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელიც რომ ვერ დააღწევდნენ თავს და მათი პოლემიკა სამოქალაქო ომში გადაიზრდებოდა. მიზეზი ის არის, რომ: აწყობილი სახელმწიფოებრივი სისტემა არ გაგვაჩნია და ცალკეულ პიროვნებებს ვანიჭებთ ერთადერთობის მისიას: ერთნი ერთს, მეორენი მეორეს… და მათ შორის შეურიგებელი დაპირისპირება გარდაუვალია, რაკიღა სახელმწიფოს მოწყობის სხვადასხვა გეგმა აქვთ, მათ დაპირისპირებას კი თავისთავად მოსდევს საზოგადოების გახლეჩაც და შეურიგებელი ჭიდილიც. რაკიღა მიზეზი აშკარაა, მისი აღმოფხვრის გზაც ეს და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს: სახელმწიფო სისტემის მოწყობა ისე, დასავლეთის ქვეყნებისთვის რომ არის ნიშანდობლივი, განსაკუთრებით მაინც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, სადაც ხელისუფლების ცვლილება ხდება ადვილად, ყოველგვარი გართულების გარეშე, და ახალი მთავრობა წინა მთავრობას არ დასდევს დასაჭერად, არც წინამორბედ პრეზიდენტს იმეტებენ ციხეში გამოსაკეტად და სულაც წამებისა და სასიკვდილოდ განწირვისათვის. ის, რაც მიხეილ სააკაშვილს დაატეხეს თავს, შორსაა ჰუმანიზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან, დაცლილია ზნეობრიობისაგან და მის მიმართ ამ პოლიტიკის გამტარებელ ხელისუფლებას როგორ შეიძლება ენდო, სხვა ათასი ცოდვა და დანაშაულიც რომ არ მიუძღოდეს ამ ათი წლის განმავლობაში.
რასაკვირველია, უნდა გაიზარდოს საზოგადოებაში პიროვნული პასუხისმგებლობა, შეგნება თვითეული ჩვენგანის მოვალეობისა. ყველას ხომ ჩვენ-ჩვენი მისია გვაქვს, ზოგს მეტი და ზოგსაც ნაკლები, მაგრამ მისია, და მისი გაცნობიერება მიგვიყვანს ზნეობრივი ფერისცვალების აუცილებლობამდე. მანამდე კი კვლავინდებურად დავრჩებით ამა თუ იმ ლიდერის იმედად, ან ახალ მესიას დაველოდებით… და იმედგაცრუებას ერთმანეთს გადავაბრალებთ, ჩვენივე თავში კი არ დავიწყებთ იმ მთავარი მიზეზის აღმოფხვრას, რაც ჩვენი მოვალეობის შეგნებას გულისხმობს… ახალი წლის მოახლოება ადამიანს ყოველთვის ახალი იმედებით აღავსებს, იმ რწმენით, რომ: მომავალი წელი უკეთესი იქნება ჩავლილთან შედარებით და უარესი მომდევნოსთან შედარებით. და რაკიღა ხალხური სიბრძნე შეგვაგონებს: კაცი იმედით იხარებს, დააჭკნობს უიმედობაო, – ერთმანეთს ვუსურვოთ, რომ: არ დავჭკნეთ და ნიჰილიზმმა არ შეგვიპყროს. და გვეიმედებოდეს, რომ: 2023 წელი უკეთესი იქნება 2022 წელთან შედარებით, და უარესი 2024 წელთან შედარებით. უპირველესად დიდი ზნეობრივი ფერისცვალებით, რაც მოგვიტანს ყველა სიკეთეს. რა არის მაინც ეს დაუმცხრალი ოპტიმიზმი!”, – ამბობს მწერალი.