ქუთაისში ორმა პირმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკანონოდ დაუფლება სცადა. ორივე მათგანი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები მომხდარის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
„მოკლედ ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და ა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, არც გამიგია. ესე იგი ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად, არა არ მოგესმათ, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად. ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო. მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალი“, – წერს დაკავებულის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.