თავდაცვის მინისტრი: გვინდა, რომ ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, განგრძობითი და ყველა ოფიცერს ჰქონდეს გარანტია, რომ იგი მიიღებს ბინას მისი ოფიცრობის, სამსახურის პერიოდში

სამხედროებისთვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ბინები მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას გადაეცემა, თუმცა, სამომავლოდ, ბინებს მიიღებენ როგორც ოფიცრები, ასევე სერჟანტები.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გავხადოთ შეუქცევადი, განგრძობითი და ყველა ოფიცერს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ იგი მიიღებს ბინას მისი ოფიცრობის, სამსახურის პერიოდში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მახათას მთაზე მშენებარე ბინები უკვე 1000-ზე მეტ სამხედრო პირს საკუთრებაში გადაეცა.

„სამომავლოდ, კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით, ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება, ამ პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო და ეს იქნება დამატებითი მოტივაცია ყველა სამხედრო პირისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები