“სამთავრობო ცვლილებები მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალურ დაჯგუფებებს, რადგან მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება, პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე” – თორნიკე ჭეიშვილი
“სამთავრობო ცვლილებები ძალიან მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალურ დაჯგუფებებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება, პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ოპოზიცია ძალიან ღელავს და ნერვიულობს მამუკა მდინარაძის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაზე”.
“ეს კაკაფონია, რომელიც ოპოზიციამ შექმნა, არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს მთავრობამ და მისმა ხელმძღვანელმა, არის საწინდარი იმისა, რომ სამომავლოდ კოორდინაცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და ის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები, რომელიც პირდაპირ არის შემხებლობაში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან და სხვა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებთან, შესრულდება ძალიან ეფექტიანად.
როდესაც საუბარია სუს-ის ახალ ხელმძღვანელზე, ახალ შს მინისტრზე, ორივე კადრი არის უაღრესად გამოცდილი პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალები, რომელთაც ასევე გააჩნიათ ძალიან ფართო გამოცდილება სხვადასხვა ძალოვან უწყებებში მუშაობისა და ვფიქრობთ, რომ ისინი მაღალეფექტიანად გაართმევენ თავს შესაბამისი უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
როდესაც საუბარია პოლიტიკურ დონეზე კოორდინაციის განხორციელებაზე, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ ეს კოორდინაცია კიდევ უფრო მეტად გაამყარებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებას“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.