სანდრო თვალჭრელიძე: აუცილებელია, მივიღოთ კანონი ხელფასების ქვედა ზღვრის შესახებ – ისევე – როგორც ევროპაში, ეს საქართველოშიც სავალდებულო უნდა იყოს

“შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობა ძალიან დიდი პრობლემაა. აუცილებელია, მივიღოთ კანონი ხელფასების ქვედა ზღვრის შესახებ. ისევე – როგორც ევროპაში, ეს საქართველოშიც სავალდებულო უნდა იყოს”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

თვალჭრელიძე უკრაინაში მიმდინარე ომსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ მებრძოლი ქართველები ბოროტებას ებრძვიან.

“შემაშფოთებელი განცხადებაა, თუმცა მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს საფრთხე ცოტა გაზვიადებულია.  სტოლტენბერგის გარდა, მსგავსი რამ ჯერ არც ერთი დიდი ქვეყნის ლიდერს არ უთქვამს, არც ბაიდენს, არც შოლცსა და არც მაკრონს, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე შეშფოთებულია ხოლმე. სამხედრო ექსპერტი არა ვარ და შეიძლება მიამიტურად ვაფასებ ვითარებას, მაგრამ ნატო-რუსეთის ომი ვერ წარმომიდგენია უპირველესად რუსეთის გამო, მიმაჩნია, რომ ამის ყველაზე მეტად პუტინის რეჟიმს ეშინია. ოფიციალური მოსკოვის ბირთვული რიტორიკა ამჯერად შეჩერებულია, აშკარაა, რომ რაღაცებს უწევენ ანგარიშს. ნატო-რუსეთის ომი ნიშნავს, რომ რუსეთი აღარ იარსებებს. მეეჭვება, ამაზე წავიდნენ თეთრი სახლი და კრემლი.

“ქართულ ლეგიონს” რას შეეხება – სამწუხაროდ, მათთვის ვერ მოინახა ადგილი ქართულ ჯარში და იძულებულები გახდნენ საკუთარი შესაძლებლობების, მრწამსისა და მისწრაფებების რეალიზაცია უკრაინაში ეძებნათ. ეს ვაჟკაცი მეომრები დღეს უკრაინაში საქართველოსთვისაც იბრძვიან. შესაბამისად, მათი იმიჯი და რეიტინგი ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იზრდება. მე არ მქონია საშუალება ჩვენი დაღუპული მებრძოლების ახლობლებისთვის საჯაროდ მეთქვა სამძიმარი. ძალიან განვიცდი, ნებისმიერი ქართველის დაღუპვა ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, მით უფრო მათი, ვინც თავი შესწირეს ბოროტებასთან ბრძოლას. უკრაინა და ეს ბიჭები ებრძვიან დრაკონს და ეს ბრძოლა ძალიან მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაქვს განცდა, რომ ლამის მთელი წელია მართლაც მიდის ვაჭრობა. დიდი ალბათობით, ეს პროცესი ძალიან კონფიდენციალურია და სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. პირადად მე არ მახსენდება, რომ რომელიმე ქვეყნის ამგვარი დონის პატიმარი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაეთავისუფლებინოთ და უცხოეთში წაეყვანოთ სამკურნალოდ. მხოლოდ პინოჩეტი მახსენდება, ისიც უიმედო ავადმყოფი იყო და ციხიდან გამოშვებიდან 20 დღეში გარდაიცვალა. სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა, მისი გათავისუფლება არავის მოუთხოვია.

ჩვენს ეკონომიკური ზრდაზე ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს, ბლეფია და გეტყვით, რატომაც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ 10%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ასახულია ლარებში. შესაბამისად, დავფიქრდეთ, რამხელაა დღეს ლარის ინფლაცია, ისიც ორნიშნა – ანუ თუ ამას გადავიტანთ 2019 წლის ფასებში, გამოდის, ეკონომიკური ზრდა დღეს სულ 2-3%-იანია. არა აქვს მნიშვნელობა, როგორია გაცვლითი კურსი, ლარის მსყიდველუნარიანობაა დაქვეითებული. ამასთან, უნდა ვიკითხოთ, ეკონომიკური ზრდა რითაა გამოწვეული? რით და ფულის შემოდინებით და არა ქვეყნის შინაგანი რესურსების ამოქმედებით, თან ეს ფული შემოდის, ძირითადად, რუსეთიდან, რომლის დიდ წილს შეადგენს რუსეთში მცხოვრები იმ ქართველების ფული, რომლებიც გამალებით ცდილობენ ბიზნესების საქართველოში გადმოტანას.

რაც შეეხება ემიგრაციას, საინტერესოა, როგორია შრომის ბაზარი და ვინ მიდის ქვეყნიდან? დღეს საქართველოში კვალიფიციური კადრების უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, სადაც ანაზღაურება მაღალია, მაგრამ შესაფერის კადრებს ვერ პოულობენ. ამ სფეროსგან განსხვავებით, დაბალია ანაზღაურება, მაგალითად, მომსახურე ბიზნესის სფეროში და ამის გამო ადამიანები ამბობენ უარს იქ დასაქმებაზე და ამჯობინებენ ქვეყნიდან წასვლას. მაგრამ ხელახლა ცხოვრების დაწყება არსად არ არის იოლი. ჩვენში ჰგონიათ, სადაც არა ვართ, იქ სამოთხეა, მაგრამ ცდებიან. უცხოეთში უმრავლესობა სეზონურ მუშებად ან მოხუცების მოსავლელად მუშაობს. მაღალკვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინება დიდი ხანია დაიწყო. შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობა ძალიან დიდი პრობლემაა. ვითომ გააჩინეს სამუშაო ადგილები, არადა, ხალხს 300 ლარს უხდიან, რაც ზღვაში წვეთია. აუცილებელია მივიღოთ კანონი ხელფასების ქვედა ზღვრის შესახებ. ისევე როგორც ევროპაში, ეს საქართველოშიც სავალდებულო უნდა იყოს”,- განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები