თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათ გზა გადაკეტეს და შპს „ართანა – ლოპოტას“ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების თქმით, „ლოპოტა-1“-ის 5.9-მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს ეკოლოგიაზე, ასევე სოფელს არ ექნება სასმელი და სარწყავი წყალი.
შეკრებილების თქმით, კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოების დასკვნები.
„ერთადერთი მდინარეა ეს, რაც ამ სოფელს აქვს. ამით ცოცხლობს და არსებობს აქ ხალხი, ამასაც თუ მილებში მოაქცევენ, აქედან უნდა გადავსახლდეთ“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შპს „ართანა – ლოპოტას“ დირექტორი – ბიძინა იმნაძე კი ამბობს, რომ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გამართეს, რა დროსაც მათ კვლევის შედეგები გააცნეს.
„რამდენჯერმე შევხვდით მოსახლეობას, მათ შორის, სამი წლის წინ, კახეთის გუბერნატორთან ერთადაც და ყველა ჩატარებული კვლევის დასკვნები გადავეცით. ჩვენი, როგორც ინვესტორის ინტერესიცაა, ყველა კვლევა იყოს საფუძვლიანად ჩატარებული. მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივებს არ სურთ ჩვენი არგუმენტების მოსმენა. სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს ჩვენი მოთხოვნა და უზრუნველყოს, რომ მოგვეცეს მუშაობის საშუალება“, – განაცხადა ბიძინა იმნაძემ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, საპროტესტო აქციის გარდა, დაგეგმილი აქვთ ჰესისკენ მიმავალ გზაზე ღამით მორიგეობაც.
სოფელ ლაფანყურის შესასვლელთან ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.