საქართველოში აკრედიტებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ
თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა – ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდეს ინფორმაცია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის შეხვედრები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია.