მდინარაძე: მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, სასჯელის შიშით თუ მორალური თვალსაზრისით, ქრთამს უთხრას არა და უარი
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელსაც შეიძლება რაღაც ცდუნება ჰქონდეს, ხვალ სასჯელის შიშით იქნება, თუ მორალური თვალსაზრისით გაძლიერებული მუშაობის შედეგად ქრთამს უთხრას – „არა“ და უარი, რაღაცნაირად ადრე თუ გვიან ეს უნდა დავალაგოთ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების დაცვას ყოველდღიურობაში და სამომავლო პერსპექტივაში შეუქცევადი ხასიათი ექნება.
„პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება და თავად უსაფრთხოების დაცვა ყოველდღიურობაში, ერთია და მეორეა, გრძელვადიანი პერსპექტივაში დალაგება რაღაც საკითხების. ამაზე მეტია საზრუნავი და მე შევეცადე, რომ ამის საფუძველი ჩამეყარა სუს-ში ჩემი მუშაობის დროს და ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება ამის გარანტია შეგვიძლია დავდოთ მთელი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ შეიძლება დღეს კარგად მუშაობდნენ სუს-ის თანამშრომლები, მაგრამ სისტემური გაძლიერება, მენეჯმენტი, სჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ადამიანების გონებაში სახელმწიფომ გააჩინა განცდა პრევენციული თვალსაზრისით სასჯელისა, რომ ქრთამს უთხრან უარი.
„პრიორიტეტს რაც შეეხება, უსაფრთხოების სამსახურში, აქ არის კორუფცია – ანტიკორუფციული სამსახური როგორი მძლავრი სამსახურია დღეს ალბათ ხედავთ და აქ გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მსოფლიოში და ევროპაში სამეულში და ა.შ. ერთ-ერთი პირველები ვიყოთ და ამას აუცილებლად მივაღწევთ, იმიტომ, რომ მე მგონია, რომ ჩვენ რაღაც გადავტეხეთ და ადამიანების გონებაში გავაჩინეთ განცდა ზოგადი პრევენციული თვალსაზრისით სასჯელისა, რომ არ შეიძლება ვიღაცამ ბოლო-ბოლო არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი, არამხოლოდ ადამიანურ დონეზე, არამედ სახელმწიფოს აქვს ერთ-ერთი მღრღნელი ჭია და ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ უნდა იფიქროს, რომ შეიძლება იყოს დიდ ან პატარა თანამდებობაზე ხელეწიფებოდეს რაღაცის გაკეთება ან არ გაკეთება და მაინც და მაინც ეს მატერიალური გამორჩენისათვის არ უნდა გააკეთოს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელსაც შეიძლება რაღაც ცდუნება ჰქონდეს, ხვალ სასჯელის შიშით იქნება, თუ მორალური თვალსაზრისით გაძლიერებული მუშაობის შედეგად ქრთამს უთხრას – არა და უარი. რაღაცნაირად ადრე თუ გვიან ეს უნდა დავალაგოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.