სოსო შატბერაშვილი: დღეს საქართველოში იმდენი უპრინციპო პოლიტიკოსია, სულაც არ გამიკვირდება, სალომე ზურაბიშვილმა რომ სააკაშვილი შეიწყალოს
“დღეს საქართველოში იმდენი უპრინციპო და უშუბლისძარღვო პოლიტიკოსია, სულაც არ გამიკვირდება, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს და სააკაშვილი შეიწყალოს”, – ამის შესახებ პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ციხეში ყოფნა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.
“დღეს, როცა ევროპის კონტინენტზე ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს ჩვენი მთავარი საფიქრალ-საზრუნავი ამ ომის თავიდან არიდება და ისედაც დაცლილი, სამ მილიონ მოსახლემდე დასული საქართველოს გადარჩენა უნდა იყოს, მაგრამ მთელი ქვეყანა დაკავებულია თითიდან გამოწოვილი სისულელის განხილვით რასაც სააკაშვილის ავადმყოფობა და ვითომ პატიმრობა ჰქვია.
სააკაშვილი პატიმრობაში არ არის, სანატორიუმში იმყოფება – “ვივამედის” ლუქს პალატაში, სადაც უამრავ მნახველს იღებს. სარგებლობს ტელევიზორით, ინტერნეტით და ყველა იმ სიკეთით, რომელზეც საქართველოში არცერთ პატიმარს არ მიუწვდება ხელი. სამწუხაროა, რომ ამ ფარსს ჩვენი ხელისუფლებაც წამოეგო და სააკაშვილის მდგომარეობაზე თვით იუსტიციის მინისტრი აკეთებს საჯარო ახსნა-განმარტებებს მაშინ, როცა ამაზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი კი არა მაქსიმუმ საბადრაგო სამსახურის ცვლის უფროსი უნდა ლაპარაკობდეს.
სააკაშვილის ციხეში ყოფნა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან იგი ისედაც კრიმინალია, როგორც ბევრი სხვა ვინც საქართველოში სასჯელს იხდის.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ 6-წლიანი პატიმრობა, რომელიც სააკაშვილს აქვს მისჯილი ძალიან ლმობიერი სასჯელია და ეს ნაც-ქოცების დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის შედეგი გახლავთ. სააკაშვილის დანაშაულებს მის მიერ შემოღებული და შემდეგ “ოცნების” მიერ გაუქმებული პრინციპით – სასჯელთა შეკრებითობით, რომ მივუდგეთ, უკვე მისჯილ 6 წელს, როგორც მინიმუმ 0 უნდა მიეწეროს და 60-წლიანი პატიმრობა უნდა მიესაჯოს. უფრო მეტიც, სააკაშვილს ბრალი უნდა ჰქონდეს წაყენებული სამშობლოს ღალატისა და ქართული მიწების – კოდორის, ახალგორის, დავითგარეჯის გაყიდვისთვის, რაზეც უვადო თავისუფლების აღკვეთა ეკუთვნის.
რაც შეეხება გიული ალასანიას მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიას – იგი უცხოურ მედიასაშუალებებში პერიოდულად გამოაქვეყნებს შეკვეთილ სტატიებს ვითომ სააკაშვილი კვდება, რაც რა თქმა უნდა ტყუილია. პირადად მე, სააკაშვილის არცერთი სიტყვის არ მჯერა. მეტიც, რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს, ყოველთვის მისი საწინააღმდეგო უნდა ვიგულისხმოთ.
სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ დაანებებს თავს, რადგან “პოლიტიკური ცხოველია” და პოლიტიკის გარეშე არ შეუძლია. როგორც კი მას უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებენ ან პატიმრობიდან გაათავისუფლებენ – მაშინვე იტყვის, 6 წელი პოლიტიკურ პატიმრობაში რომ არ გამეტარებინა იძულებული ვიყავი ფარსი გამეთამაშებინა და ივანიშვილის რეჟიმი გამეცურებინა, ახლა კი მზად ვარ პუტინისტური რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად ახალი შემართებით ვიბრძოლოო.
იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” სააკაშვილს კარგად იცნობს და ამ აფერისტს თავს არ გააცუცურაკებინებენ.
აქვე, ხმამაღლა ვაცხადებ: თუ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებენ, ჩვენი პარტია დაუყოვნებლივ მოითხოვს უცხოეთის კლინიკებში იქნეს გადაყვანილი საქართველოს ციხეებში მყოფი ყველა პატიმარი ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. თუ პატიმარი სააკაშვილი კანონზე მაღლა დაყენებასა და საზღვარგარეთ მკურნალობას იმსახურებს, მაშინ ამის უფლება ყველა სხვა პატიმარსაც ეკუთვნის.
დღეს საქართველოში იმდენი უპრინციპო და უშუბლისძარღვო პოლიტიკოსია, სულაც არ გამიკვირდება, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს და სააკაშვილი შეიწყალოს.
თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ამას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვება, რაც რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე უმძიმესი პროცესების ფონზე საქართველოს სერიოზული საფრთხეების წინაშე დააყენებს”, – განაცხადა შატბერაშვილმა.