გუდაურში გარდაცვლილი ტურისტი უკრაინელი ვიქტორ მანუხაა
გუდაურის სასტუმრო “ოზონში“ გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტის ვინაობა “კვირისთვის“ცნობილი გახდა. ის 45 წლის ვიქტორ მანუხაა. როგორც “კვირას“ სასტუმროს მენეჯერმა მანანა მამულაშვილმა განუცხადა, ვიქტორ მანუხა მათ სასტუმროში თანამშრომელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ მისმა მეგობარმა ნახა დღეს დილით, გამთენიისას, გარდაცვლილი და ამის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციას შეატყობინა. სასტუმროს მენეჯერის თქმით, ვიქტორ მანუხას საქართველო ძალიან მოსწონდა და გუდაურში უკვე მესამედ იმყოფებოდა. გარდაცვლილი უკრაინაში, კიევში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.
“ვიქტორი მეგობართან ერთად პარასკევს ჩამოვიდა გურაურში, სამი დღით დარჩენას აპირებდა, დღეს დილის ხუთ საათზე უკრაინაში უნდა გაფრენილიყვნენ. დილით მისი მეგობარი, რომელიც სასტუმროს ნომერში მასთან ერთად იმყოფებოდა, შეშინებული ჩამოვიდა, ვერ ვაღვიძებ და იქნებ მიშველოთო. ავედი და გარდაცვლილი დაგვხვდა. როგორც გავიგეთ, ასთმა ჰქონია. სასწრაფოც გამოვიძახეთ, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. ცოტა ნასვამიც ყოფილა. ისე უყვარდა საქართველო, ამბობდა, აქ უნდა გადმოვიდე საცხოვრებლადო. უკვე მესამედ იყო ჩვენს სასტუმროში და ყველას ძალიან დაგვიმეგობრდა. მისმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც აქ იყო ჩამოსული, იმანაც ძალიან განიცადა“, – განუცხადა “კვირას“ მანანა მამულაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინელი ტურისტის გვამი თბილისში, პროზექტურაშია გადასვენებული. ვიქტორ მანოხას გარდაცვალების შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციამ ოჯახს უკვე შეატყობინა.