ქართველი მოჭადრაკე და მეცენატი, რომელმაც სატურნირო ფონდს როტშილდზე მეტი თანხა შესწირა

ცნობილი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი ანდრია დადიანი სამეგრელოს ბოლო მთავრის, დავით დადიანის უმცროსი ვაჟი და დადიანების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის, ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის ძმა გახლდათ. მისი დედა – ეკატერინე ჭავჭავაძე სახელგანთქმული მგოსნის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული იყო.

ანდრია დაიბადა 1850 წლის 24 ოქტომბერს, ზუგდიდში.

დავით დადიანის გარდაცვალებიდან (1853) რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ, სამეგრელოს სამთავროს შემოერთების მიზნით, ეკატერინე ჭავჭავაძე პეტერბურგში გაიწვია, ყოველწლიური პენსია დაუნიშნა და შვილებიც სხვადასხვა სასწავლებელში მიაბარებინა.

სანკტ-პეტერბურგიდან დადიანების ოჯახი 1860-იან წლებში  ევროპაში გადასახლდა. ზამთარს პარიზში, ხოლო ზაფხულს – ჰამბურგში ატარებდნენ.

როგორც ამბობენ, ანდრიას ჭადრაკის თამაში დედამ ასწავლა. ისიც ცნობილია, რომ ეკატერინემ რუსეთში, ხოლო შემდეგ უცხოეთში გამგზავრებისას ბავშვების აღმზრდელად თან წაიყვანა სასულიერო პირი, მღვდელი თევდორე ხოშტარია, რომელიც ჭადრაკის დიდი მოყვარული ყოფილა.

ანდრია დადიანი ჭადრაკის თამაშმა და პარტიების ანალიზმა ბავშვობიდან გაიტაცა. პარიზში ხშირად მონაწილეობდა და საკმაოდ წარმატებულად მოყვარულთა სხვადასხვა ტურნირში. ამასთანავე, საკმაოდ მონდომებით ეწაფებოდა ცოდნას. 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წელს რუსეთში დაბრუნდა, არმიაში ჩაირიცხა და „ცარსკოე სელოში“ განლაგებულ ლეიბ-გვარდიის პოლკში დაიწყო სამსახური.

მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). ბალკანეთის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისას გამოჩენილი მამაცობისთვის ანდრია და მისი ძმა, ნიკო ოქროს ხმლებით დაჯილდოვდნენ. ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი.

ანდრია დადიანი ოფიციალურად ატარებდა უბრწყინვალესი თავადის, მინგრელსკის წოდებას.

ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებს. ძალიან პოპულარული იყო იმპერიის ელიტარულ საზოგადოებასა და სამეფო კარზე. 1879 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას რომში, რუსეთის საელჩოში.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ანდრიამ საუცხოოდ იცოდა ჭადრაკის თეორია. პაექრობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან (ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვა) პარიზში, რომში, კიევსა თუ თბილისში.

თუმცა, სამხედრო სამსახურით დაკავებულს ჭადრაკისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. შვებულებას საზღვარგარეთ ან საქართველოში ატარებდა და დროის ამ მონაკვეთში აქტიურ საჭადრაკო ცხოვრებას ეწეოდა.

1881—1882 წწ. მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა 2 ტურნირში და I ადგილები დაიკავა დაუმარცხებლად.

1899 წ. მიიწვიეს სრულიად რუსეთის I ტურნირში, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია; თანამშრომლობდა იმ დროის უცხოურ და რუსულ საჭადრაკო ჟურნალებთან. ფრანგულ ჟურნალ “სტრატეჯიეში” მუდმივად იბეჭდებოდა მისი ბრძნულად შესრულებული პარტიები. პარტიებმა და ანალიზებმა, რომლებსაც სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში ბეჭდავდა, მას დიდი სახელი მოუხვეჭა საჭადრაკო წრეებში. ჭადრაკის რამდენიმე პარტია დღესაც დადიანის პარტიის სახელწოდებითაა ცნობილი. ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა – The Chess Monthly – 1892 წლის ივნის-ივლისის ნომერი მთლიანად ანდრია დადიანის შემოქმედებას მიუძღვნა.

1890-იანი წლებში გენერალი ანდრია დადიანი სამხედრო სამსახურს კიევში აგრძელებს და რა თქმა უნდა, არც ჭადრაკს ივიწყებს. 1903 წელს ემანუილ შიფერსის წინასიტყვაობით, კიევში, ფრანგულ ენაზე გამოიცა წიგნი, რომელშიც დადიანის 100 საუკეთესო პარტიიის ენდშპილი შევიდა (“Fins de Partie du Prince Dadian de Mingr.elie”). წიგნი შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა და იგი იმით არის აღსანიშნავი, რომ ქართველი ოსტატის მიერ საჭადრაკო თემაზე დაწერილ პირველ წიგნს  წარმოადგენს.

ანდრია დადიანს საჭადრაკო ამოცანები მიუძღვნეს ცნობილმა რუსმა ოსტატმა ს.ალაპინმა და ინგლისელმა პრობლემისტმა კ.ბოიერმა. იგი იყო მრავალი საჭადრაკო ტურნირის, კონგრესის დირექტორი და ორგანიზატორი, აწესებდა სხვადასხვა ფულად პრიზებს ლამაზად მოგებული, ეფექტური პარტიებისათვის. 1903-1904 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი იყო. მის ხელგაშლილობაზე შემდეგი ფაქტიც მეტყველებს: მონტე-კარლოს 1904 წლის სატურნირო ფონდში ცნობილმა ფრანგმა ბანკირმა, როტშილდმა 500 ფრანკი შეიტანა , ხოლო დადიანმა – 600 ფრანკი.

დიდი ტურნირების თავკაცობით დადიანს ძლიერ მოჭადრაკეებთან პაექრობის შანსი ეძლეოდა, რადგან მას როგორც მაღალი წოდების სამხედრო პირს არ შეეძლო ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობა. ქართველი მეცენატი თავის განათლების, წარმომავლობის, საჭადრაკო ერუდიციისა და ხელგაშლილობის წყალობით, ყველა ტურნირის სასურველი სტუმარი გახლდათ.

სიცოცხლის ბოლო 20 წელი ანდრია დადიანმა უმთავრესად კიევში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1910 წლის 16 ივნისს. მისი ცხედარი დამ – სალომე მიურატმა, საქართველოში ჩამოასვენა და საგვარეულო სასაფლაოზე, მარტვილის საკათედრო ტაძარში დაკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები