ზურაბ ბატიაშვილი: ახლანდელი ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მდგომარეობას ჰგავს, როდესაც რუსეთი იძულებული გახდა სამხრეთ კავკასიიდან წასულიყო
“2022 წლის აგვისტოში ე.წ. სამშვიდობო ძალები იძულებული გახდნენ აზერბაიჯანისთვის დაეთმოთ კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, რომელიც ყარაბაღს და სომხეთს აკავშირებს და ესეც მიანიშნებს, რომ რუსეთის გავლენა სუსტდება, მათ შორის კავკასიაშიც”, – ამის შესახებ “რონდელის ფონდის” მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ახლანდელი ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მდგომარეობას ჰგავს, როდესაც რუსეთი იძულებული გახდა სამხრეთ კავკასიიდან წასულიყო.
“ფაშინიანმა უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია” მკვდრადშობილია. თავის დროზე, როდესაც შეიქმნა, რუსეთს მისი გამოყენება ნატოს საპირწონედ სურდა. თუმცა რეალურად არასოდეს უმოქმედია და ეს კარგად გამოჩნდა როგორც ყარაბაღის მეორე ომში, ასევე, ამ შემოდგომაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებებისას და რამდენიმე თვის წინ ამ ორგანიზაციის წევრი ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების კონფლიქტისას. ამიტომ ეს შეხვედრაც და შეთანხმებაზე ხელის მოწერაზეც სომხეთის უარი იმას მიანიშნებს, რომ ეს ორგანიზაცია ნელ-ნელა კვდება, მას არავითარი პერსპექტივა არა აქვს, მით უმეტეს, რომ მისი ლიდერი ქვეყანა, რუსეთი, მარცხდება.
2022 წლის აგვისტოში ე.წ. სამშვიდობო ძალები იძულებული გახდნენ აზერბაიჯანისთვის დაეთმოთ კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, რომელიც ყარაბაღს და სომხეთს აკავშირებს და ესეც მიანიშნებს, რომ რუსეთის გავლენა სუსტდება, მათ შორის კავკასიაშიც. ახლანდელი ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მდგომარეობას ჰგავს, როდესაც რუსეთი იძულებული გახდა წასულიყო სამხრეთ კავკასიიდან. კრემლს კი ძალიან სურს ეს მეორე მსოფლიო ომის სცენარად წარმოაჩინოს, მაგრამ ასე არ არის და სწორედ პირველ მსოფლიო ომს ჰგავს, როდესაც რევოლუცია მოხდა. ახლაც აქეთკენ მიდის საქმე – რუსეთის დამარცხებას მოჰყვება დიდი უკმაყოფილება და შედეგად, არა მარტო პუტინის რეჟიმის შეცვლა, არამედ უფრო მწვავე მოვლენებიც. რუსეთმა კავკასიაში სამხედრო ძალის გამოყენება რომ სცადოს, თეორიული შანსი არის, მაგრამ პრაქტიკული შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, რადგან უკრაინაში თითოეული ჯარისკაცი სჭირდება, მობილიზაციის უკვე მეორე ტალღას ამზადებს, კიდევ ახალი ფრონტის გახსნის თავი არა აქვს. მოიფიქრებს თუ არა რამეს უკრაინაში დამარცხების შემდეგ თავის მოსახლეობასთან პირის მოსაწმენდად, ახლა ამაზე ლაპარაკი ძნელია.
პროტესტის მიუხედავად, სომხეთში რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერად არის ფეხმოკიდებული, მაგრამ ის კრახი, რაც რუსეთს უკრაინაში ელოდება, რა თქმა უნდა, პოზიციას შეურყევს. პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც და რაც დრო გავა, რუსეთის გავლენა აუცილებლად შესუსტდება: სომხეთი აქტიურად ელაპარაკება როგორც აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს. თურქეთის როლი გასაგებია, რადგან ამ რეგიონში ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა და თუ ვინმეს სურს დასავლეთისკენ გეზის აღება, მას ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თურქეთთან. ახლა მთავარი ის არის, სომხეთი და აზერბაიჯანი მოაწერენ ხელს თუ არა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს, აზერბაიჯანი ითხოვს გზას ნახჭევანისკენ, რომელიც სომხეთისთვის პრობლემატურია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა შეთანხმებას. ითქვა, რომ ევროპაში ალიევისა და ფაშინიანის კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ფაშინიანმა შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტის დასწრება მოითხოვა, რაზეც ალიევმა უარი განაცხადა… თურქეთი აზერბაიჯანის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ორივე მოქმედებს პრინციპით: “ერთი ერი – ორი სახელმწიფო”. შესაბამისად, პოლიტიკის დამგეგმავებმა ეს რეალობა უნდა გაითვალისწინონ”,- განაცხადა ბატიაშვილმა.