გია ხუხაშვილი: გინახავთ რომელიმე ოპოზიციური პარტია რეგიონში სისტემურად გასული? ამათ ჰგონიათ, ჰალსტუხებს რომ გაიკეთებენ და ტელევიზიებში აზრებს დააფრქვევენ, ეს არის პოლიტიკა
“ხალხს მონოლოგის მოსმენა კი არა, დიალოგი უნდა, რადგან შორიდან დაპირებები ყოველთვის იმედგაცრუებით მთავრდება. ოპოზიციას ზამთარში სცივა, ზაფხულში სცხელა. ცხელ შემოდგომას ხომ გვპირდებოდნენ, მაგრამ წვიმა წამოვიდა და წვიმაში ხომ არ წავიდოდნენ? ზაფხულში ხომ უნდა დაისვენონ, გაზაფხულზე კი სეტყვაა. ჩვენი პოლიტიკოსების მოსაწონი სეზონი ხალხთან დასალაპარაკებლად ბუნებაში არ არსებობს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციამ კომფორტული ცხოვრება მოიწყო.
“კარგი რომ არაფერი ხდება, კვლევებშიც ჩანს და ისედაც ცხადია, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც დღეს ამომრჩეველს აქვს. ამომრჩეველს არ მოსწონს არც წარსული, არც აწმყო და ეძებს მომავლის არჩევანს, ანუ სუფთა ფურცლიდან არჩევანს. ეძებს ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოგვარდება პრობლემები. კვლევები ხომ აჩვენებს საზოგადოების დღევანდელ პრობლემებს, სოციალურს, საპენსიოს და ასე შემდეგ… ანუ ამომრჩეველი ელის, ვინ შესთავაზებს პოზიტიურ დღის წესრიგს და კონკრეტულად ეტყვის, რას როგორ გააკეთებს, რომელ პრობლემას როგორ მოაგვარებს. რაც მთავარია, დაარწმუნებს, რომ ეს არ არის ტყუილი დაპირებები და რეალურად შეუძლიათ ამის გაკეთება.
დღევანდელი ოპოზიცია კი ამ თემებით საერთოდ არ არის დაკავებული. ძირითადად, ტელეეკრანების მეშვეობით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ხელისუფლებაა ცუდი. ხალხი ეუბნება, გავიგეთ, ბატონო, რომ ცუდია, მაგრამ იქნებ ისიც მითხრათ, თქვენ ვინ ხართ და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რა შეიცვლებაო. ანუ ხალხი პირდაპირ კომუნიკაციას ელოდება, ამას კი სჭირდება რკინის ქალამნები და ხალხთან მისვლა. კვირაში ერთხელ ტელევიზიით გამოსვლა და მაშინაც მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვა არ არის საკმარისი, რომ პოლიტიკაში წარმატებული იყო. ხალხს არ უნდა მუდმივი ძიძგილაობა, მას მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი სჭირდება. რაც მთავარია, ხალხთან არ მიდიან. გინახავთ რომელიმე ოპოზიციური პარტია რეგიონში სისტემურად გასული? ამათ ჰგონიათ, ჰალსტუხებს რომ გაიკეთებენ და ტელევიზიებში აზრებს დააფრქვევენ, ეს არის პოლიტიკა. კი ბატონო, ასე გააგრძელონ და ვნახოთ, რას დაიჭერენ. ხალხს სურს ვინმე პირისპირ დაელაპარაკოს და დაარწმუნოს, რომ არ ატყუებს. ხალხს მონოლოგის მოსმენა კი არა, დიალოგი უნდა მათთან, რადგან შორიდან დაპირებები ყოველთვის იმედგაცრუებით მთავრდება. ოპოზიციას ზამთარში სცივა, ზაფხულში სცხელა. ცხელ შემოდგომას ხომ გვპირდებოდნენ, მაგრამ წვიმა წამოვიდა და წვიმაში ხომ არ წავიდოდნენ? ზაფხულში ხომ უნდა დაისვენონ, გაზაფხულზე კი სეტყვაა. ჩვენი პოლიტიკოსების მოსაწონი სეზონი ხალხთან დასალაპარაკებლად ბუნებაში არ არსებობს.
მუშაობა ეზარებათ. დაკავებული არიან მხოლოდ იმით, რომ იძახონ, ბიძინა ცუდიაო. ჩვენს ოპოზიციას ჰგონია, თუ იტყვის, რომ ბიძინა ცუდია, ამით თვითონ კარგი გახდება, მაგრამ ასე არ არის. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კამპანიაში ნეგატიური წილი დაახლოებით 30%-ია. კი, ნეგატივი უნდა იყოს შენს მოწინააღმდეგეზე, მაგრამ 70% ამ ქვეყნებში პოზიტივია – ანუ შენ თვითონ ვინ ხარ, რა შეგიძლია, რომ მხოლოდ სურვილი კი არა, მისი შესრულების უნარიც გაქვს. ხალხს თანაგრძნობა სჭირდება, მაგრამ თვლიან, რომ ეს არ არის საჭირო. ოპოზიციამ კომფორტული ცხოვრება მოიწყო და სხვა ყველაფერი ფეხებზე კიდია.
ხალხს არჩევანი არა აქვს. დღეს ჩვენი მთელი პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლებიანადაც და ოპოზიციანადაც, არალეგიტიმურია. ყველა მოქმედი პარტიის, რომელსაც პულსი ესინჯება, ჯამური რეიტინგი არალეგიტიმურობის საფუძველია. ყველა ერთად რომ იყოს ხელისუფლებაში, მაინც არალეგიტიმური იქნებიან. ეს კვლევებშიც კარგად ჩანს, 72% ითხოვს ახალ არჩევანს სუფთა ფურცლიდან, რადგან არც ერთი პარტია არ მოსწონს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.