შეიარაღებულ ძალებს 36 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 36 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი საველე-საწვრთნელ ბანაკ „ალგეთის“ სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ახალწვეულებს ფიცის დადება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის გავლა დღეს დაასრულეს. კურსზე 50 ახალწვეული ჩაირიცხა, თუმცა 36-მა რეკრუტმა შეძლო პროგრამის წარმატებით დაძლევა. წვრთნები 9 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. „მომავალ სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში ხორციელდებოდა”, – აცხადებენ საინისტროში. მათივე ცნობით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების კავშირგაბმულობის ცენტრში გააგრძელებენ საკონტრაქტო სამსახურს.