აკაკი მინაშვილი: ეს არის სააკაშვილზე პოლიტიკური დევნა

  პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოცხადებულ შიდა ძებნას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მთელმა მსოფლიომ განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
„კიდევ ერთხელ უძლურების ნიშანია პროკურატურის აღნიშნული ამბავი, მას რომ გარე ძებნა გამოეცხადებინა, არავინ არ დაააკავებდა სააკაშვილს. მათ ძალიან კარგად ესმით, მთელმა მსოფლიომ განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და, ბუნებრივია, მას არავინ არ დააკავებდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ვითომ რაღაცა ტიპის ძებნა გამოაცხადეს, ქვეყნის შიგნით უძლურების ნიშანია, კიდევ ერთხელ აღიარებაა იმისა, რომ აქ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები