დოლიძე: სააკაშვილის სპეკულიერებაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს თავისუფლებაა

   სააკაშვილი რა განცხადებას გააკეთებს და რა სპეკულიერებას გააგრძელებს, ეს ჩემთვის არის ნაკლებად მნიშვნელოვანია – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოცხადებულ შიდა ძებნას.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკასთან სამართლებრივი და საკანონმდებლო საქმეების გაიგივება.
„ეს არის წმინდა სამართლებრივი თემატიკა და საკითხი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ პოლიტიკასთან სამართლებრივი და საკანონმდებლო საქმეების გაიგივება. ეს არის არასწორი მანკიერი პრაქტიკა და სააკაშვილი რა განცხადებას გააკეთებს და რა სპეკულიერებას გააგრძელებს, ეს ჩემთვის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ თავისუფალმა სასამართლომ როგორ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები