ირაკლი ღარიბაშვილი: შეშინებულმა სააკაშვილმა გამახსენა ომის კადრები, სადაც ასევე შეშინებულია

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დიქტატორის განცხადებებს უწოდეს.
პრემიერის თქმით, თუ რომელიმე ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ეს არის ნორმალური, დემოკრატიაზე პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს.
“არ მინდა კომენტარი გავაკეთო ისეთ არაადეკვატურ განცხადებებზე, რომელიც გუშინ ერთად მოვისმინეთ. ძალიან აღელვებული ჩანდა სააკაშვილი და გამახსენდა ომის კადრები – მაშინ ყველაზე მეტად შეშინებული იყო და ერთგვარი გამეორება მოხდა ამ კადრების. რაც შეეხება მის განცხადებებს, თუ რომელიმე ქვეყანაში რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ეს არის ნორმალური, მაშინ პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს დემოკრატიაზე. ეს იყო ტიპური დიქტატორის განცხადებები, თორემ როგორ შეიძლება მასაჟისტის მომსახურება და მილიონიანი ხარჯი იყოს ნორმად აღქმული. ესაა გამორიცხული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, მას, როგორც რიგით მოქალაქეს, რცხვენია, რომ ქვეყანას ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა.
“მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, საქართველოში დასრულდა დაუსჯელობის და განუკითხაობის ეტაპი. ყველას მოეთხოვება სათანადოდ პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება კანონის წინაშე თანასწორი, პრემიერია იგი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი თუ სხვა. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სირცხვილია, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავდა. ამაზე როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული რეაქცია? ისინი კი გამოდიან და კადრულობენ, რომ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალში და უთხრან, რომ ეს იყო ნორმა, მსოფლიოში მიღებული პრატქიკა. ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა”, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე წაყენებულ ბრალდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება, რეალურად იხარჯებოდა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები