ირაკლი ღარიბაშვილი: ჰკითხეთ მარგველაშვილს, რატომ დასჭირდა ამდენი დრო”საიდუმლო” გრიფის მოხსნას

  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე “გრიფით საიდუმლოს” მოხსნის თემას გამოეხმაურა. პრემიერის განმარტებით, ეს მარტივი პროცედურაა და მას ამდენი დრო არ სჭირდებოდა.
“პროკურატურამ დაასრულა საქმეზე მუშაობა და სწორედ ამიტომ გაკეთდა მოთხოვნა მასალებზე გრიფის მოხსნის თაობაზე. ჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფ “საიდუმლოს” მოხსნას. ეს, ზოგადად, ძალიან მარტივი პროცედურაა. მითუმეტეს, ჩვენთვის, თითოეული მოქალაქისთვის ნაცნობი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო? – მე არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა და არ სჭირდებოდა ამდენი დრო”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა, რომ მთავარმა პროკურატურამ, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებენ, რომ “სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია”.
აღნიშნული საკითხის კომენტირება პრემიერს “ინტერპრესნიუსმა“ სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები