ქართველი სამხედროები ამერიკულ ბაზა “ფენიქსს” ტოვებენ
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ამერიკულ ბაზა “ფენიქსს” ტოვებენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბაზა “ფენიქსი” მუშაობას წყვეტს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის მიერ ISAF-ის ოპერაციის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.
მე-13 ბატალიონის სამხედროებმა ბაზა “ფენიქსზე” საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ოცეულის სერჟანტმა, გიორგი ტაბლიაშვილმა დროშა ავღანეთში უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს გადასცა. საზეიმო ცერემონიალს ბაზა “ფენიქსზე” აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც დაესწრო.
დროშის დაშვების ცერემონიალის დასასრულს ქართველ სამხედროებს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მედალი გადაეცათ. აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის ჯგუფის უფროსმა, ვიცეპოლკოვნიკმა ალექს მაკლემურმა კი, ქართველ ჯარისკაცებს ჯორჯიის შტატის მედლები გადასცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული სამშვიდობო მისიას 5 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანას ამერიკული ბაზა “ფენიქსის” დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.