კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრში საბრძოლო მომზადება გაიარეს
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრში საბრძოლო მომზადება გაიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მასპინძლობდა.
„უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ოთხდღიანი ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში სამხედრო სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ.
დაბა კრწანისში, სამხედრო ბაზაზე შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალებში მსგავსი შეკრებების ტრადიცია დამკვიდრდება და სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც ექნებათ.
შეკრების მიზანს უნივერსიტეტის პერსონალისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამხედრო დისციპლინებში ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება წარმოადგენდა. საერთო საჯარისო ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა თავდაცვის ძალების სტრუქტურის, ამოცანების, სამხედრო სარეზერვო სისტემის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრის შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. თავდაცვის სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის 2020 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.