ოთარ გრიგოლია: 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მოთხოვნებზეა ორიენტირებული

თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფის შეიქმნის თაობაზე ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს ისედაც აქვთ ვალდებულება, იმუშაონ ბიუჯეტის პროექტზე და, შედეგად, საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები წარმოადგინონ, რაც კონკრეტული ჯგუფის შექმნა არ საჭიროებს. რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს, ოთარ გრიგოლიას განმარტებით, ის 133 მილიონი ლარითაა გაზრდილი და დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან ყველა გამოწვევას პასუხობს.

,,წარმოდგენილი ბიუჯეტი პროექტი რომ სოციალურად არის ორიენტირებული, ეს ცალსახაა. საუბარი იმაზე, თითქოს, ბიუჯეტს ამ მიმართულებით აქვს პრობლემა, აბსურდია და გამოწვეულია ჩვენი ოპონენტების მიერ ბიუჯეტის ვერ გაგებით, ან მათი არაკვალიფიციურობით’’, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მან ასევე ,,ტყუილი,, უწოდა ოპოზიციის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მცირდება ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებისა და ავარიული კორპუსების დაფინანსება.
გრიგოლიას განმარტებით, უნდა მოხდეს პირველადი ბიუჯეტის პროექტისა და უკვე შემდგომ, დაზუსტებული ბიუჯეტის შედარება.

,,სწორედ მეორე, დაზუსტებულ ბიუჯეტში აისახება როგორც სახელმწიფო ტრანსფერი, ასევე – ნაშთი და შემოსავლები, რის ხარჯზეც, თებერვლისთვის არსებული ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარით კიდევ გაიზრდება, სადაც მოხდება როგორც ტრანსპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული ხარჯების გათვალისწინება’’, – განმარტა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები