ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისში არსებული პრობლემური სატრანსპორტო კვანძების სრულად მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელს გახდის, ბოლო პერიოდში პრობლემადქცეული დაგეგმილი ბრუნები განხორციელდეს და მგზავრების სრულად გადაყვანა მოხდეს.

„რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს შუქნიშნების მოწესრიგება, ე.წ. კალიბრაცია, რომ ავტომობილების ნაკადების გატარება ყველა მიმართულებით, დროულად მოხდეს. მსგავსი პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსპორტი. ჩვენი პრიორიტეტია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ახლახან გახსნილ ქეთევან დედოფლის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 11 მარშრუტზე მოძრავ ტრანსპორტს დღის განმავლობაში, 30 000 მგზავრი გადაჰყავს. 11 ნოემბერს, თბილისში მოძრავმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ჯამში, ვერ განახორციელა დაგეგმილი 1 477 ბრუნი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან დაგვიანების გამო, გაჩერებებზე თავს იყრის გაცილებით მეტი ადამიანი. მას შემდეგ, რაც ქეთევან დედოფლის გამზირი გაიხსნა, გუშინდელი მონაცემით, ჩავარდნილი ბრუნების რაოდენობა 1 477-დან ჩამოვიდა 1 308-ზე, ანუ 169-ით მეტი ბრუნი განხორციელდა. აქვე მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, ეს კონკრეტული პრობლემური კვანძები, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ყველა პროექტი ხორციელდება ისე, რომ ათეულ წლებს გაუძლოს და სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია.

„ბევრ კრიტიკას ვისმენთ ამ დაგვიანებებზე. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ვართ სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ყველაფერს ვახორციელებთ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად. 2017 წლიდან განვაახლეთ ავტოპარკი, მიკროავტობუსები, ვაწესრიგებთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შევქმენით ზოლები. აღნიშნული სამუშაოების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებობს დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. სამუშაოებს ვატარებთ და ჩავატარებთ ისე, რომ განხორციელებულმა პროექტებმა ათეულ წლებს გაუძლოს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები