თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და კომიტეტის წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და არმაზ ახვლედიანი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლეგიონის მეთაურის მოადგილემ, პაატა გიგაურმა კომიტეტის წევრებს, ლეგიონის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ახალგაზრდების სწავლებისა და მომზადების კურსები, საზღვარგარეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან არსებული ურთიერთობები და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
კომიტეტის წევრებმა ლეგიონის მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასეს და ლეგიონთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პარლამენტში მაზნიაშვილის ახალგაზრდულ ლეგიონს ვუმასპინძლეთ, რომელიც მოხალისეობაზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენს. ლეგიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამხედრო, სალაშქრო საქმის პოპულარიზაციის, ასევე საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების ხელშეწყობაში.
გამორჩეულად ნიჭიერი, პატრიოტი და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არიან წარმოდგენილნი. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს შევეხეთ.ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად მსგავსი ორგანიზაციების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ახალგაზრდულ ლეგიონთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.