ქართულ-პოლონური კომპანია – „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს.
ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას – „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა – იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები – დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე, სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.