რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
საბაგირო გზა, სადაც 21 გონდოლა იმოძრავებს, საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი – 845,55 მ იქნება. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება და ის სამართავად, მთაწმინდის პარკს გადაეცემა.

„გვქონდა შესაძლებლობა, დაგვეთვალიერებინა საბაგირო გზის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც რუსთაველის გამზირსა და მთაწმინდის პარკს დააკავშირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება და მოგვცემს შესაძლებლობას, ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო გზა 1 200 მგზავრს მოემსახუროს.
რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკისკენ და მთაწმინდიდან რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილება ოთხი წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. სამუშაოების განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი კომპანია „დოპელმაიერი“, რომლის აღჭურვილობაც არსებულ პროექტში იქნება გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომელიც, რა თქმა უნდა, შესრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამ ეტაპზე, დასრულებულია ზედა სადგურის ფუძისა და ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობის სამუშაოები; ნაწილობრივ ამოყვანილია სადგურის კედლები და კოლონები; განხორციელდა ფუნდამენტის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს რიგელების მოსაწყობად ყალიბისა და არმატურის კარკასის მომზადება. რაც შეეხება ქვედა სადგურსა და პირველ ანძას, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა სამშენებლო მოედანზე არსებული სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის, ასევე, ქვედა სადგურის მართკუთხა ნაწილისა და მისი ფუნდამენტის დემონტაჟი.
ასევე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლისა და მეზობელი შენობის საერთო კედლის გამაგრება, სამშენებლო მოედანზე განთავსებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები